მილანის "ინტერის” ტექნიკური დირექტორი, მარკო ბრანკა ადასტურებს, რომ მისი კლუბი მახაჩყალის "ანჟისთან” სამუელ ეტოოს ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს. დღეს, La Gazzetta dello Sport-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც "ანჟის” წარმომადგენლები მილანში არიან ჩასულები და "ინტერთან” მოლაპარაკებებს მართავენ. მახაჩყალელები მზად არიან კამერუნელი ვარსკვლავის სანაცვლოდ მილანელებს 30 მილიონი ევრო, თავად ფეხბურთელს კი წელიწადში 20 მილიონი ევრო გადაუხადონ.
"ინტერის” წარმომადგენელი, მარკო ბრანკა ადასტურებს, რომ "ანჟისთან” მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ იგი უარყოფს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ეტოო დაღესტანში უახლოესი 48 საათის განმავლობაში გადაბარგდება.
"მახაჩყალელთა შემოთავაზება მოვისმინეთ, მაგრამ ეტოო ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ვერ ვიტყვით, რომ მოლაპარაკებები ასე მალე დასრულდება. ეს მხოლოდ საინფორმაციო სახის შეხვედრა იყო. მოლაპარაკებები მომავალშიც გაგრძელდება” – ციტირებს ბრანკას სიტყვებს Football Italia.
|