Rai Sport -ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მილანის ინტერი კატალონიის ბარსელონას ნახევარმცველის, ხავიერ მასკერანოს შეძენითაა დაინტერესებული.
სესკ ფაბრეგასის ბარსელონაში დაბრუნებამ ევროპულ გუნდებს კატალონიელთა სხვა ნახევარმცველებზე ნადირობის საფუძველი მისცა. განსაკუთრებით აქტიურობენ იტალიელები. თუ რომასა და "მილანს” ტიაგო ალკანტარა სურთ, ინტერმა თვალი არგენტინელ საყრდენს, ხავიერ მასკერანოს დაადგა.
ბარსას პრეზიდენტის, სანდრო როსელის ბიუჯეტის შევსებისკენ მიდრეკილების გათვალისწინებით, გამორიცხული არაა, სარფიანი შეთავაზების შემთხვევაში, იგი მასკერანოს გაყიდვას დასთანხმდეს, მაგრამ სავარაუდოდ, ტრანსფერის დაბლოკავს შეეცდება გვარდიოლა. საქმე ისაა, რომ ბარსას პირველ გუნდში სულ 3 ნომინალური ცენტრალური მცველია, აქედან ერთი გამოუცდელი ფონტასია. გვარდიოლამ ახალი უკანახაზელის დამატებაზე უარი იმის გამო განაცხადა, რომ მის გუნდში 6 ისეთი ფეხბურთელია, რომლებსაც დაცვის ცენტრში შეუძლიათ თამაში. პიკეს, პუიოლის, ფონტასის, აბიდალისა და ბუსკეტსის გარდა, კატალონიელი სპეციალისტი მასკერანოსაც გულისხმობდა. გასულმა სეზონმაც დაგვანახა, რომ ნახევარდაცვის გარდა, პეპს მასკერანოსი დაცვაშიც ეიმედება და ძნელად წარმოსადგენია, იგი ასეთ ფეხბურთელს იოლად შეელიოს.
|