"ბაიერნის” შემტევი ნახევარმცველი ტომას მიულერი აცხადებს, რომ იგი მიუნხენური გრანდიდან წასვლას არ გამორიცხავს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ 22 წლის ფეხბურთელს საკმარისი სათამაშო დრო არ ეძლევა.
"ამჟამად, გერმანიის ნაკრებსა და ევროპის ჩემპიონატზე ვარ კონცენტრირებული. ყველამ იცის, რომ "ბაიერნი” ყოველთვის იყო ჩემი კლუბი, ამიტომ, ამჟამად წასვლაზე არ ვფიქრობ. თუმცა, სხვა კლუბების შემოთავაზებების განხილვაც შემიძლია.
ყველაფერს ისე ვიღებ, როგორც პროფესიონალი და ვცდილობ, გუნდს ნებისმიერ სიტუაციაში დავეხმარო. მიუხედავად ამისა, არ ვიქნები ბედნიერი, თუ რეგულარულად სათადარიგოთა სკამზე ვიჯდები. საკმაოდ ამბიციური ვარ და ამგვარ სიტუაციასთან შეგუებას არ ვაპირებ” – ციტირებს მიულერის სიტყვებს Bild-ი.
გავრცელებული ინფორმაციით, მიულერთან დაკავშირებულ მოვლენებს თვალს ყურადღებით ადევნებს მილანის "ინტერი”, რომელიც მზადაა მიუნხენელებს კონკრეტული წინადადებით მიმართოს.
მიულერსა და "ბაიერნს” შორის მოქმედ კონტრაქტს ვადა 2015 წელს გასდის.