საფეხბურთო იტალია სატრანსფერო ციებცხელებაშია ჩართული და სპორტულ პრესაში მეტწილად შემდგარი თუ შესაძლო გარიგებების შესახებ იწერება. უკვე არაერთი მსუყე ტრანსფერი გაიჩარხა და დიდია შანსი, უახლოეს დღეებში კიდევ უფრო საინტერესო ტრანსფერების შესახებ შევიტყოთ.
თუნდაც, სამუელ ეტოოს "ინტერიდან” "ანჟიში” გადაბარგების ამბავი რად ღირს, რომელსაც დღე დღეზე ველოდებით. ქვემოთ, სერია A-ს გუნდების სატრანსფერო გეგმების შესახებ მოგითხრობთ - დღეს, პირველ ათ გუნდზე გვექნება საუბარი, ხვალინდელ ნომერში კი დარჩენილ გუნდებზე გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას.
ატალანტა ბერგამოული კლუბის მესვეურებმა მადლობა უნდა თქვან, რომ მომავალი სეზონის გატარება სერია B-ში არ მოუწევთ. "ატალანტას” რამდენიმე მოთამაშე ჩაწყობილი მატჩების ორგანიზებაში ამხილეს და მოკვეთეს კიდეც ფეხბურთიდან. მათ შორის გახლდათ გუნდის ლიდერი და კაპიტანი კრისტიანო დონი.
"La Gazzetta dello Sport-ში” გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დონის შემცვლელის ძიება უკვე დაწყებულია და დიდია შანსი, ბერგამოულ კლუბს ალესანდრო როზინამ მიაშუროს. ისიც შუა ხაზში ირჯება, ტექნიკურია და ლიდერის თვისებებით გახლავთ დაჯილდოვებული.
ბოლონია კლუბს მუდმივი პრობლემები აქვს ადმინისტრაციაში და ცვლილებები უფრო ამ კუთხით არის მოსალოდნელი. დიდია შანსი, მცველმა მორასმა დატოვოს გუნდი, რომლის მიმართაც "სამპდორია”, "ნაპოლი” და "კალიარი” იჩენენ ინტერესს. გუნდის მთავარი მწვრთნელი მაკდონალდ მარიგას გადაბირებით გახლავთ დაინტერესებული, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს გარიგება შედგეს. ამბობენ, რომ მოლაპარაკების წარმატებით დასრულების ალბათობა საკმაოდ მცირეა. სხვა მხრივ, "ბოლონია” გაძლიერებას არ აპირებს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ გუნდმა მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს.
კალიარი არაერთი გუნდი იჩენს ინტერესს ანდრეა კოსუს მიმართ, მაგრამ მისი გაშვება სარდინიული კლუბის მესვეურებს არ სურთ. სამაგიეროდ, ვერაფერი გააწყვეს ანდრეა ლაძარის შენარჩუნების საკითხი, რომელიც მომდევნო სეზონიდან "ფიორენტინას” ღირსებას დაიცავს. სარდინიელები ორ-სამ ფეხბურთელს აუცილებლად დაიმატებენ, რაც კლუბის პრეზიდენტის სიტყვებით დასტურდება.
პრესაში გაჟღერებული ცნობის თანახმად, "კალიარიში” გადასვლასთან ახლოს არის სიმონე ლორია, რომელიც "რომადან” უბოდიშოდ გამოუშვეს. არადა, ლორია კვალიფიციური მცველია და უშუალო მოვალეობების შესრულების გარდა, გოლების გატანაც ეხერხება. მთლიანობაში, კუნძულელები მაინც პასიურნი არიან სატრანსფერო ბაზარზე და ისეთი პირი უჩანს, რომ მხრივ არც მომავალში შეიცვლება რამე. სამაგიეროდ, შეიცვალა მთავარი მწვრთნელი, რობერტო დონადონის ნაცვლად, გუნდს მისი სეხნია, რობერტო ფიკადენტი გაწვრთნის.
კატანია "კატანია” სამხრეთამერიკულ ბაზარზეა აქტიური, განსაკუთრებით კი არგენტინელი ფეხბურთელების მიზიდვით არის დაკავებული. თუმცა, ამ ზაფხულს განსხვავებული ვითარებაა - ზოგადად, სიცილიელებს გარღვევა აქვთ ბიუჯეტში და არა თუ გაძლიერებაზე, შემადგენლობის შენარჩუნებაზე არიან კონცენტრირებულნი. მაგალითად, მაქსი ლოპესის გადაბირებით "ფიორენტინაა” დაინტერესებული და ფეხბურთელს საკმაოდ სარფიან ხელშეკრულებასაც სთავაზობს. თუმცა, იქამდე კლუბებს შორის უნდა შედგეს შეთანხმება. სიცილიელები მხოლოდ იმ შემთხვევაში შეელევიან ლოპესს, თუკი არგენტინელი ფორვარდის სანაცვლოდ მსურველი გუნდი მინიმუმ 15 მილიონ ევროს გადაიხდის.
შესაძენ ფეხბურთელთა სიაშია ნიკოლა ლეგროტალიე, რომელმაც გასული სეზონის პირველი ნახევარი "იუვენტუსში” გაატარა, ხოლო მეორე ნახევარი "მილანში”. არც "ოლიმპიკოზე” უწევდა თამაში და არც "სან სიროზე” - გამომდინარე აქედან, მოკრძალებული შესაძლებლობების გუნდში განიზრახა გადასვლა და დიდიას შანსი, არჩევანი სწორედ "კატანიაზე” შეაჩეროს.
ჩეზენა "ჩეზენამ” გასული სეზონი ძალიან კარგად დაიწყო, თუმცა შემდეგ აურია, სატურნირო ცხრილის ფსკერზე დაეშვა და გავარდნას ძლივს გადაურჩა. როგორც კლუბის მესვეურები აცხადებენ, გაძლიერება ყველა რგოლს ესაჭიროება და სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას აპირებენ. ადრიან მუტუს გადაბირებით თავდასხმას ასე თუ ისე მიხედეს და უკანა ხაზზე გადაერთნენ. ნახევარდაცვისთვის მანუელე ბლაზის გადაბირება და ხორხე მარტინესის იჯარის წესით აყვანა სურთ. გარდა ამისა, დაინტერესებულნი არიან "იუვენტუსის” იმედისმომცედმი შუახაზელით, ჯანდონატოთი. გარდა ამისა, "ჩეზენას” ინტერესების სფეროშია "სამპდორიას” კაპიტანი ანჯელო პალომბო.
კიევო "კიევო” ტრადიციულად პასიურია სატრანსფერო ბაზარზე, მაგრამ მაინც ახერხებს და ყოველწლიურად ბრძოლისუნარიანი გუნდი ჰყავს. ვერონული კლუბის მესვეურები არც ამ ზაფხულს აპირებენ ხმაურიანი ტრანსფერების გაჩარხვას და გაძლიერებას ლოკალური მასშტაბით აპირებენ. ბოლო ინფორმაციით, ვერონელები "ლაციოს” მესვეურებს შეეხმიანენ და სერჯო ფლოკარის ტრანსფერზე ჩამოუგდეს სიტყვა. შეგახსენებთ, რომ ფლოკარიმ სწორედ "კიევოში” ასპარეზობით გაითქვა სახელი და იქ დაბრუნების სურვილი ჯერ კიდევ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გამოთქვა. ფლოკარის რომ "ლაციოდან” აბარგება მოუწევს, პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია და გადავა თუ არა "კიევოში”, ამას დრო გვიჩვენებს.
ფიორენტინა ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ "ფიორენტინას” მესვეურები "კატანიადან” მაქსი ლოპესის გადაბირებით არიან დაინტერესებულნი. ეს არც არის გასაკვირი, რადგან რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ალბერტო ჯილარდინო "ჯენოაში” გააგრძელებს კარიერას. ჯილას გენუაში გადაბარგების ამბავი ჯერ არ დადასტურებულა, მაგრამ თუ ენრიკო პრეციოზის დავუჯერებთ, ამ საქმეს წინ ვეღარაფერი დაუდგება. ჯილარდინომდე გუნდი ადრიან მუტუმ დატოვა და ბუნებრივია, რომ გუნდს თავდასხმაში სჭირდება გაძლიერება. კლუბის პრეზიდენტმა, ანდრეა დელა ვალემ მაურო სარატეს დაადგა თვალი, რომელიც ედუარდო რეიას გეგმებში ვეღარ ჯდება და "ლაციოდან” წასვლაზე უჭირავს თვალი. მართალია, სარატეს არაბული და რუსული კლუბები კოლოსალურ თანხებს სთავაზობენ, მაგრამ დიდია შანსი, არჩევანი მაინც "ფიორენტინაზე” შეაჩეროს.
ჯენოა გენუელები როგორც ყოველთვის აქტიურად არიან ჩართულნი სატრანსფერო ციებ-ცხელებაში. შემდგარ ტრანსფერებზე აღარ გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას, რადგან ამის შესახებ არაერთხელ გვაქვს მონათხრობი. სამაგიეროდ, ჯერ არ გვითქვამს ის, რომ ენრიკო პრეციოზიმ თავზე ხელი აიღო და ნილმარის გადაბირების საკითხზე "ვილიარეალის” მესვეურებს შეეხმიანა. ძნელად სავარაუდოა, რომ პრეციოზიმ მიზანს მიაღწიოს, მაგრამ აქედანაც კარგად ჩანს, რომ ამბიციებს არ უჩივის. მთავარ ამბავზე კი უკვე მოგიყევით: უახლოეს დღეებში ალბერტო ჯილარდინოს გენუაში გადაბარგების ცნობებს ველოდებით.
ინტერი სამუელ ეტოოს "ინტერიდან” წასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია და ბუნებრივია, რომ ეს ბევრ რამეს შეცვლის მილანურ გუნდში. პირველ რიგში, ახალი ფორვარდის მოძებნაა საჭირო და ამ მიმართულებით უკვე გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები. კარლოს ტევესი, დიეგო ფორლანი, დიდიე დროგბა - ეს იმ თავდამსხმელთა ჩამონათვალია, რომელთა საკუთარ გუნდში ხილვა მასიმო მორატისა და ჯანპიერო გასპერინის ტანდემს სურს. ყველაზე ხშირად მაინც ფორლანის შესახებ იწერება და ვნახოთ, რა გაგრძელება ექნება ამ ისტორიას. გარდა ამისა, "ინტერი” ხავიერ მასკერანოს გადაბირებითაც გახლავთ დაინტერესებული და უახლოეს მომავალში, შესაბამისი შინაარსის შეთავაზებაც გაკეთდება.
იუვენტუსი "იუვენტუსის” მესვეურებმა სატრანსფერო ფანჯრის პირველ პერიოდში იაქტიურეს, შემდეგ, გარკვეული პაუზა აიღეს და იქამდე ნაყიდ მოთამაშეებს მირკო ვუჩინიჩიც დაამატეს. ბოლო ცნობების თანახმად, გადაწყვეტილი ამბავია, რომ "იუვენტუსის” მაისურს შვეიცარიელი ნახევარმცველი ტრანკუილიო ბარნეტა მოირგებს, რომელმაც გასული სეზონი ლევერკუზენის "ბაიერში” გაატარა. "La Gazzetta dello Sport-ის” ინფორმაციით, ბარნეტას სანაცვლოდ ტურინელები 7 მილიონ ევროს გადაიხდიან.
|