ინგლისის "ქუინზ პარკ რეინჯერსმა” ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მეკარის, ჟულიო სეზარის ტრანსფერი უახლოესი 24 საათის განმავლობაში უნდა განახორციელოს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი თავის ექსკლუზიურ მასალაში იუწყება. სეზარი "ქუინზ პარკ რეინჯერსის” ძირითადი მეკარე გახდება, ხოლო რობერტ გრინი, რომელმაც სეზონის სტარტზე რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა, სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლებს.
კლუბის მმართველი საბჭოს თავჯდომარე ტონი ფერნანდესი მიიჩნევს, რომ ბრაზილიელი მეკარის შეძენა გუნდის უკანა ხაზის თამაშს გააუმჯობესებს და სატურნირო ცხრილის ფსკერიდან თავის დაღწევაში დაეხმარება. სეზონის სტარტზე ქპრ-მა მხოლოდ ქულა აიღო და საკუთარ კარში 6 ბურთი გაუშვა.
32 წლის სეზარი ლონდონში ორშაბათს ჩავიდა და სამედიცინო შემოწმება გაიარა. გარიგების საბოლოოდ გასაფორმებლად კლუბებს მეკარის სატრანსფერო თანხაზე შეთანხმება დარჩათ.
სეზარი "ინტერში” 2005 წლიდან გამოდიოდა და იტალიის ჩემპიონატი 5-ჯერ, ხოლო ჩემპიონთა ლიგა ერთხელ მოიგო.
|