სეგუნდა დივიზიონში გავარდნილ "ვილიარეალს” პრობლემები არ ელევა – გუნდმა წამყვანი ფეხბურთელების უმრავლესობა უკვე გაყიდა და როგორც ჩანს, მათ რიცხვს ჯუზეპე როსიც მიემატება. იტალიელი ფეხბურთელის სამშობლოში დაბრუნებას "ნაპოლი” და "ინტერი” აპირებენ.
"ნაპოლის” სატრანსფერო ბაზარზე ფორვარდის ძიება ეზეკიელ ლავეცის "პსჟ”-ში გადასვლის შემდეგ დაჭირდა. 25 წლის როსი კი "პარტენოპეის” ხელმძღვანელებს ლავეცის ღირსეულ შემცვლელად ესახებათ. იმის გათვალისწინებით, რომ როსი ტრავმირებულია და უკვე საკმაოდ დიდი ხანია არ უთამაშია, მისი სატრანსფერო ფასი 7-დან 8 მილიონ ევრომდე მერყეობს.
"ნაპოლი” მზად არის იტალიელ ფეხბურთელში 5 მილიონი ევრო გადაიხადოს და დარჩენილი თანხა მომავალში ბონუსების სახით დაამატოს. სიტუაციის განვითარებას "ინტერიც” აკვირდება, რომელიც ყველაზე აქტიურად ბრაზილიის ნაკრებისა და "სან პაულოს” გარემარბის, ლუკას მოურას გადაბირებითაა დაინტერესებული. თუ "ნერაძური” მოურას ვერ შეიძენს, მაშინ ისინი როსიზე გადართვას აპირებენ.