ტურინის "იუვენტუსის” ნახევარმცველის ანდრეა პირლოს აზრით, რუსეთთან მარცხმა იტალიის ნაკრებს კარგი სამსახური გაუწია. თავად 21-მა ნომერმა დღეს მშვენიერი მატჩი ჩაატარა და დი ნატალეზე საგოლე გადაცემაც მიითვალა: " ათიდან შვიდ ქულას დავუწერდი ჩვენს გუნდს, რთული შეხვედრა იყო და კარგად გავისარჯეთ. რუსეთთან წაგება დაგვეხმარა, დავინახეთ, რა სამუშაო იყო ჩასატარებელი, რომ ასეთ დონეზე გვეთამაშა. უფრო შემართულები ვიყავით კრიტიკის შემდეგ. ნაჩვენები თამაში საკუთარ ძალებში რწმენას გვმატებს, უნდა გავაგრძელოთ პროგრესისკენ სვლა. მწვრთნელმა კვირის დასაწყისში გვითხრა, რომ შეიძლებოდა რამე შეეცვალა. ფეხბურთელების დანაკლისის გამო სათამაშო სისტემის გარდაქმნა გადაწყვიტა. დე როსიმ კარგი შეხვედრა ჩაატარა, დანიელე ჩემპიონია და ყველა პოზიციაზე შეუძლია თამაში. რაც შეეხება დი ნატალეს, ყველამ ვიცით, მცველთან ერთ ხაზზე რა ხშირად ელოდება ხოლმე ბურთს, მეც იქ მივეცი პასი, სადაც თავად სურდა. ცოტა გაგვაკვირვა, რომ მეტოქეებმა თავდამსხმელის გარეშე გადაწყვიტეს თამაშის დაწყება, მაგრამ მათ სათამაშო სტილში შეტევაში ნახევარმცველები ირჯებიან. ” -აცხადებს პირლო.