ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფს ესპანეთისა და იტალიის ნაკრებების მატჩი გახსნის.
როგორც მოგეხსენებათ, ტრავმების გამო კარლეს პუიოლი და დავიდ ვილია "ფურია როხას” ევროპირველობის განაცხადში ვერ მოხვდნენ. სამაგიეროდ, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ ფერნანდო ტორესი იახლა, რომელიც დიდი ალბათობით დღეს სასტარტო შემადგენლობაში იქნება, ფერნანდო ლორენტე კი შეხვედრას სათადარიგოთა სკამიდან მიადევნებს თვალყურს.
პუიოლის არყოფნაში სერხიო რამოსს დაცვის ცენტრში ხერარ პიკე შეუწყვილდება, მარჯვენა ფლანგზე ალვარო არბელოა, მარცხენაზე კი – ხორდი ალბა განლაგდება. საეჭვოა სესკ ფაბრეგასის თამაში, "ბარსელონას” ნახევარმცველს ბარძაყის ტრავმა აწუხებს.
იტალიელებს გაცილებით მეტი პრობლემა აქვთ. როგორც იცით, ქვეყანაში განვითარებული სკანდალის გამო "სკუადრა აძურას” განაცხადიდან დომენიკო კრიშიტო გამორიცხეს, ტრავმის გამო გუნდს გამოაკლდა ჯუზეპე როსიც. ფეხის კუნთები დაუშავდა ანდრეა ბარძალის, ასე რომ მისი თამაში საეჭვოა. სამაგიეროდ, ძირითად შემადგენლობაში იქნება ტრავმამოშუშებული ჯორჯო კიელინი. სავარაუდოდ, დაცვის ცენტრში დანიელე დე როსი გაირჯება. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ჩეზარე პრანდელი გუნდს 3-5-2 განლაგებით ათამაშებს. იტალიელები მეტოქეს ბალოტელი-კასანოს დუეტით შეუტევენ.
ესპანეთისა და იტალიის ნაკრებები ერთმანეთს 29-ჯერ დაუპირისპირდნენ. აქედან რვა შეხვედრა ესპანელთა გამარჯვებით, 11 ფრედ, ათი კი იტალიელთა სასარგებლოდ დასრულდა. "ფურია როხამ” ბოლო 45 მატჩიდან 41 გამარჯვებით დაასრულა, აქედან 14 შეხვედრა მიჯრით მოიგო. ესპანელთა და იტალიელთა უკანასკნელი დაპირისპირება 2011 წლის აგვისტოში შედგა. ამხანაგური მატჩი "სკუადრა აძურას” გამარჯვებით, ანგარიშით 2-1 დასრულდა.
ჩვენი სპორტული ინტერნეტ-ჟურნალის ფეისბუქის გვერდზე მოწყობილი გამოკითხვის შედეგად ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: ესპანეთი (69%) – ფრე (12%) – იტალია (19%).
მატჩი გდანსკის "არენა გდანსკზე” ჩვენი დროით 20:00 საათზე დაიწყება და მას 36-წლის უნგრელი არბიტრი ვიქტორ კაშაი მოემსახურება.