"მონაკოს" მთავარმა მწვრთნელმა, კლაუდიო რანიერიმ აღნიშნა, რომ მისი სამუშაო "ინტერსა" და "რომაში" წარმატებით არ დასრულდა, რადგანაც ამ გუნდების საუკეთესო წლები წარსულში დარჩა.
იტალიელი სპეციალისტი რომაულ კლუბს 2009-2011 წლებში ხელმძღვანელობდა, რის შემდეგაც "ნერიაძურის" ფეხბურთელები ჩაიბარა, მაგრამ 2012 წლის მარტში იგი დათხოვნილი იქნა. რანიერი იძულებული გახდა ორივე კლუბი არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაეტოვებინა, თუმცა, საკუთარ ბრალს ამაში კლაუდიო ვერ ხედავს.
"მე შეუფერებელ დროს მთელ რიგ დიდ კლუბებს ვავარჯიშებდი. მოვდიოდი გუნდში ან ძალიან გვიან და ძალიან ადრე" - რანიერის სიტყვებს ციტირებს Soccerway.
"არავინ არ იცნობდა "ვალენსიას", როდესაც ესპანეთში ჩავედი, "ჩელსიმაც" სახელი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის შემდეგ გაითქვა. მე მივედი "იუვენტუსში", როდესაც გუნდი სერია B-დან დაბრუნდა, ხოლო, როდესაც "რომასა" და "ინტერს" ვხელმძღვანელობდი, მათი წარმატებების პიკი უკვე წარსულში იყო დარჩენილი" - განაცხადა რანიერიმ.
ამ მომენტისთვის რანიერის ხელმძღვანელობით "მონაკო" ფრანგულ ლიგა 2-ში მეორე ადგილზეა. პირველი სამი ტურის შემდეგ მონაკოელების აქტივში 7 ქულაა.
|