ინტერს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს და შესაბამისად, ძალიან რთულია იმის პროგნოზირება თუ როგორ ფეხბურთს ითამაშებს ნერაძური. გულშემატკივართა დიდი ნაწილი სკეპტიკურად არის განწყობილი, რასაც აქვს თავისი ლოგიკური ახსნა - ერთი, რომ ჯანპიერო გასპერინი არ არის ტოპმწვრთნელთა კატეგორიაში და მეორე, მასიმო მორატის შემადგენლობის გაძლიერებაზე დიდად არ უზრუნია. პირიქით, წუთი წუთზე გუნდს სამუელ ეტოო დატოვებს, გადაჭარბების გარეშე - საუკეთესო თავდამსხმელი. თანაც, ჯერჯერობით არაფერი ისმის იმის შესახებ თუ ვინ უნდა შეცვალოს კამერუნელი… უფრო სწორად, ისმის, მაგრამ სიტყვას საქმე არ მოჰყოლია.
მოკლედ, ტიფოზების პესიმიზმი სადღაც გასაგებია და ლოგიკური. გასპერინი ცდილობს, რომ დაამშვიდოს ქომაგი და შემდეგს აცხადებს: ერთხელ უკვე აღვნიშნე, რომ ინტერი ყველა შემთხვევაში ძლიერი იქნება, ეტოოსთან ერთად და ეტოოს გარეშეც. ნებისმიერი შემადგენლობით გუნდი უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებს როგორც სერია ა-ში, ისე ჩემპიონთა ლიგაში. მთავარი კონკურენტი უდავოდ მილანია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, თუმცა ვფიქრობ, რომ თანაქალაქელებს არაფრით ჩამოვუარდებით. მილანმა მხოლოდ იმიტომ მოიპოვა სკუდეტო, რომ ინტერმა ვერ გამოავლინა შესაძლებლობები, ამ სეზონში კი მსგავსი რამ წესით არ უნდა მოხდეს. ერთი სიტყვით, ახალ სეზონს ოპტიმისტური განწყობით ველოდები.
|