მილანის "ინტერის” ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა, უესლი სნეიდერმა გუშინ დუბლინის ტურნირზე "მანჩესტერ სიტისთან” წაგებული მატჩის შემდეგ მასთან დაკავშირებული სატრანსფერო ჭორებისთვის წერტილის დასმა არ ისურვა და საკმაოდ ორაზროვანი განცხადება გააკეთა. "რა მოხდება? მოდით ერთად დაველოდოთ, ყველაფერი შესაძლებელია. 10 წელია უმაღლეს დონეზე ვთამაშობ და მსგავსი ჭორები ყოველ წელს თან მსდევს, როგორც ხედავთ, ზოგიერთი მათგანი გამართლა.”, - ამბობს სნეიდერი. შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელ ფეხბურთელს უკვე დიდი ხანია "მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლას უწინასწარმეტყველებენ, მაგრამ სერ ალექს ფერგიუსონმა ცოტა ხნის წინ "ინტერთან” ყოველგვარი მოლაპარაკებების არსებობა უარყო. "ბედნიერი ვარ თუ არა "ინტერში?”, მე ბედნიერი ადამიანი ვარ ყველგან და ყოველთვის. მიყვარს ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიში და გულშემატკივრისთვის სიხარულის მოტანა, ასე იყო ყველა გუნდში და ასეა "ინტერშიც”.
|