კვლავ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ქვეყნდება ჰოლანდიელი უესლი სნეიდერის შესახებ. როგორც Sky Sports-ი იუწყება, მილანის "ინტერის” მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ განაცხადა, რომ სნეიდერის ბედი შემდეგ კვირას გადაწყდება, იტალიურ გუნდში მოთამაშე ფეხბურთელი კი, "მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლითაა დაინტერესებული (ინგლისური კლუბი მასში 35 მილიონ ევროს იხდის და სნეიდერი პოლ სქოულზის ჩასანაცვლებლად უნდა). 27 წლის ფეხბურთელი მომავალი ტრასფერის შესახებ კომენტარს არ აკეთებს, ფერგიუსონი კი, ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. სნეიდერმა გუშინ გამართულ იტალიის სუპერთასზე, რომელიც "ინტერმა” "მილანთან” 1:2 წააგო, ანგარიში გახსნა. მატჩის ბოლოს 53 წლის გასპერინიმ ასეთი რამ თქვა: "...რაც შეეხება ჭორებს სნეიდერის წასვლის შესახებ, ამაზე მომავალ კვირას ვისაუბრებთ”. შეგახსენებთ, რომ Gazetta Dello Sport-ის მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მანჩესტერ სიტიმ” და მილანის "ინტერმა” უკვე მიაღწიეს შეთანხმებას სნეიდერის იტალიიდან ინგლისში გადასვლის თაობაზე. სატრანსფერო თანხა 36 მილიონი ევროა, ხოლო თავად ფეხბურთელსა და კლუბს შორის გაფორმებულ კონტრაქტს რაც შეეხება, მასში წერია, რომ სნეიდერი წელიწადში ექვს მილიონ ევროს მიიღებს. იმავე წყაროს ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედი” ჰოლანდიელს 13-მილიონიან წლიურ პირად კონტრაქტს სთავაზობდა.
|