სავარაუდოდ, კარლოს ტევესი "მანჩესტერ სიტიში” დარჩება - არგენტინელი ფორვარდი აცხადებდა, რომ კლუბის დატოვება თავის ოჯახთან ახლოს ყოფნის გამო სურდა, ინგლისურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, ტევესის ოჯახის წევრები საცხოვრებლად ინგლისში ჩავიდნენ. "სიტის” მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი იმედოვნებს, რომ 27 წლის სამხრეთამერიკელი კლუბს არ შეიცვლის.
"ტევესის ოჯახი ინგლისში იმყოფება. ვფიქრობ, თავად კარლოსიც აქ დარჩება. "მანჩესტერ სიტი” აღმასვლას განიცდის და ტევესი ამ გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. დიახ, არგენტინელი ოპტიმალურ ფორმაში არ იმყოფება, რადგან ბოლო 2 კვირაა, რაც ვარჯიშობს. მიუხედავად ამისა, საგანგაშო არაფერია”, - განაცხადა რობერტო მანჩინიმ.
შეგახსენებთ, რომ კარლოს ტევესის შეძენა მილანის "ინტერს” სურს, მაგრამ "სიტის” ხელმძღვანელთა თქმით, არგენტინელის თაობაზე მათ ოფიციალური შეთავაზება არ მიუღიათ. მილანელები სამუელ ეტო’ოს შემცვლელს ეძებენ. თითქმის გადაწყვეტილია, რომ ახალ სეზონში კამერუნელის ადგილს დიეგო ფორლანი დაიკავებს.
|