"ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა "უაით ჰართ ლეინზე” "ინტერის” გოლკიპერის, ჟულიო სეზარის გადაყვანასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყო.
იმის გამო, რომ "ტოტენჰემმა” ვერა და ვერ მოახერხა "ლიონთან” შეთანხმება უგო ლორისის ტრანსფერზე, ვილაშ-ბოაში იძულებული იყო ალტერნატიული ვარიანტები მოეძებნა. ბოაშმა არჩევანი 32 წლის ჟულიო სეზარზე შეაჩერა, რომელიც ამ ზაფხულს "სან სიროს” დატოვებს. მის შემცვლელად "ინტერმა” უკვე შეიძინა "უდინეზეს” მეკარე სამირ ჰანდანოვიჩი.
"გარდიანის” ინფორმაციით, სეზარის ხელფასი კვირაში 70 ათას ფუნტს შეადგენს, რაც "ტოტენჰემისთვის” პრობლემა არ უნდა იყოს. გარდა ამისა, თანხის შესამცირებლად "მამლები” იტალიელებისათვის ერთ-ერთი ფეხბურთელის შეთავაზებას აპირებენ.
ამ კვირაში ანდრე ვილაშ-ბოაში და ჟულიო სეზარის აგენტი ლონდონში უკვე შეხვდნენ ერთმანეთს და ახლა პორტუგალიელი სპეციალისტის გადასაწყვეტია – მიმართავს შესაბამისი წინადადებით "ინტერს” თუ კიდევ ერთხელ შეეცდება "ლიონიდან” უგო ლორისის გადაბირებას.
|