27 წლის ჰოლანდიელ გამთამაშებელ ვესლი სნეიდერს მისი ტრანსფერის შესახებ დაუსრულებელი ლაპარაკი მობეზრდა და მანჩესტერულ კლუბებს შეუთვალა, ბოლოს და ბოლოს რომელიმემ გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგითო.
"ინტერის" ვარსკვლავმა აღარ დამალა, რომ "ნერაძურის" ის გასაყიდთა სიაში ჰყავს შეყვანილი. სნეიდერმა თქვა:
"მე გასაყიდთა სიაში ვარ, რადგან "ინტერს" ფული სჭირდება, ოღონდ ამისათვის აუცილებელია მყიდველმა გუნდმა ადექვატური თანხა გადაიხადოს. კერძოდ რამდენი? ამას მე ნუ მეკითხებით, ტრანსფერების სპეციალისტი არ გახლავართ".
მოგეხსენებათ, ზაფხულის ორმა თვემ ისე ჩაიარა, რომ სნეიდერის "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლაზე ლაპარაკი არ შეწყვეტილა. შემდეგ, საქმეში მანჩესტერის მეორე გუნდი, "სიტიც" ჩაერია - მილანელებს 34 მილიონი ფუნტი შესთავაზა, რაც 39 მილიონ ევროზე მეტია. აღსანიშნავია, რომ გამთამაშებელი ამ კვირაში ლონდონში ჩავა - ინგლისისა და ჰოლანდიის ნაკრებებს ამხანაგური შეხვედრა აქვთ დანიშნული. იქნებ, რომელიმე მხარემ მასთან პირადად დალაპარაკება სცადოს.
სნეიდერმა დასძინა: "თუკი "ინტერის" ფეხბურთელად დავრჩები, მანჩესტერის გუნდებს შორის არჩევანის გაკეთება არ მჭირდება. ინგლისთან ამხანაგური თამაშის შემდეგ ხუთი დღით თავისუფალი ვარ და იმედი მაქვს, რომ ამ დროში ყველაფერი საბოლოოდ გაირკვევა".
"მანჩესტერ იუნაიტედის" აღმასრულებელმა შეფმა დევიდ გილმა მრავალმნიშვნელოვნად თქვა, რომ სატრანსფერო ბაზრის დაკეტვამდე მისი კლუბი კიდევ ერთ მნიშვნელოვან მოთამაშეს დაიმატებს.
|