კვირა, 22.12.2024, 22:12
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2012 » აპრილი » 1 » ადრიანო გარინჩას გზაზე
12:39
ადრიანო გარინჩას გზაზე


სახელი: ლეიტე რიბეირო ადრიანო 

ეროვნება: ბრაზილიელი

დაბადების ადგილი: რიო დე ჟანეირო

დაბადების თარიღი: 17 თებერვალი 1982 წელი

სიმაღლე: 189 სმ(1 მ 89 სმ)

წონა: 87 კილოგრამი

ლეიტე რიბეირო ადრიანო მეტად პოპულარული ფეხბურთელია. კარიერაში ნათამაშები აქვს ხუთი კლუბის მაისურით. 26 წლის ფორვარდს უთამაშია ფლამენგოში, პარმაში, ფიორენტინაში, სან პაულუში, ინტერში და მის ამჟამინდელ კლუბში, ბრაზილიურ ფლამენგოში.

მას ახასიათებს ყველა ის თვისება, რომელიც მაღალი კლასის ფორვარდს აუცილებლად სჭირდება – ძლიერი დარტყმა, ფიზიკურად ძლიერი აღნაგობა და მეორე სართულზე წარმატებული თამაში.

ბიოგრაფია

ადრიანომ კარიერა ბრაზილიურ ფლამენგოში დაიწყო, სადაც სამი წლის მანძილზე თამაშობდა (1999–2001 წლებში).

1999 წელს ეროვნულ ნაკრებში მივიდა, როგორც ახალგაზრდა პერსპექტიული მოთამაშე. ამ წელსვე მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი 17 წლამდე ფეხბურთელებს შორის.

2001 წელს ბრაზილიის 21 წლამდელთა ნაკრებს ფინალში გასვლაში დაეხმარა. ის ექვსი გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და მხოლოდ ერთი გოლით გაუსწრო არგენტინული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავს, ხავიერ სავიოლას.

წარმატებული 2001 წლის შემდეგ, ის მილანის ინტერის შეფებმა შეამჩნიეს და სწრაფადაც გადაიბირეს. ლეიტეს პირველივე მატჩში დიდი გამოცდის ჩაბარება მოუწევდა – მილანელები მადრიდის რეალს ამხანაგურად ეჯიბრებოდნენ.

მიუხედავად გამოუცდელობისა, 19 წლის ფორვარდს ადაპტაცია არ გასჭირვებია და მადრიდშივე გამოიჩინა თავი. მან მარცხენა ფეხით ულამაზესი საჯარიმო დარტყმა გაიტანა.

ინტერს ყოველთვის სურდა მაღალი დონის გამოცდილი და წარმატებული ფეხბურთელები. იმის გამო, რომ ადრიანოს ევროპული ფეხბურთის გამოცდილება თითქმის არ ჰქონდა, მილანური გრანდის მესვეურებმა ის 2002 წლის დასაწყისში, ფიორენტინაში გაანათხოვრეს.

2002 წლის ზაფხულში ბრაზილიელს იტალიურმა გუნდმა, პარმამ 2 წლიანი კონტრაქტი შესთავაზა, რაზეც ადრიანო დაუყოვნებლივ დათანხმდა.

ყველას ეგონა, რომ ადრის ეს გადაწყვეტილება ძალიან დააზარალებდა, თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა. ამომავალ ვარსკვლავს პარმაში კიდევ ერთი წარმატებული ფეხბურთელი, ადრიან მუტუ ელოდა.

ამ ორმა ფორვარდმა საფეხბურთო ევროპა გადარია – ერთ სეზონში 15–ზე მეტი გოლი შეაგდეს და ყველას აგრძნობინეს, რომ ევროფეხბურთის ახალი სახეები გახდნენ.

ის ნერაძურიზე მხოლოდ 2004 წელს დაბრუნდა და ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. უკვე 2004–2005 წლების სეზონში ჩინებული სეზონი ჩაატარა – 16 მატჩში 15 გოლი შეაგდო (აღსანიშნავია, რომ მას ყველა ეს მატჩი ძირითად შემადგენლობაში არ დაუწყია).

მისი წარმატებული საკლუბო ფეხბურთი ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციას არ გამოჰპარვია და 2004 წელს ის კოპა ამერიკაზე გამოიძახეს.

ვარჯიშების წარმატებულად ჩატარების შემდეგ, ლეიტე იმდროინდელი ბრაზილიის ნაკრების წამყვანი ფეხბურთელი გახდა, რაც მის თამაშზეც აისახა – კოპა ამერიკის ტურნირის ბომბარდირი გახდა და საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.

ჩელსის და მადრიდის რეალს გამუდმებით სურდათ მისი გადაბირება, თუმცა ადრიანომ ორივე გუნდს უარი უთხრა და 2005 წელს ინტერთან კონტრაქტი 2010 წლამდე გაახანგრძლივა.

– ადრიანო სწორად მოიქცა, კარგია, რომ ჩელსი და რეალი გზიდან ჩამოვიშორეთ, – განაცხადა კლუბის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა ჯიაცინტო ფაკეტიმ, იტალიელ ჟურნალისტებთან საუბარში.

წარმატებული 2004–2005 წლების სეზონის შემდეგ, ფეხბურთელი ფორმიდან ამოვარდა და 2005–2006 წლებში მხოლოდ 13 გოლი გაუტანა მეტოქეებს.

ჟურნალისტებსაც მეტი რა უნდოდათ? კვლავ დაიწყო საუბარი ადრიანოს ჩელსიში და მადრიდის რეალში გადასვლის თაობაზე.

ამ ორ გრანდს კიდევ ერთი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა მილანის სახით. სილვიო ბერლუსკონის გუნდი ფორვარდების დეფიციტს განიცდიდა – იმ სეზონში მილანი ხომ ანდრეი შევჩენკომ დატოვა...

თუმცა, ადრიანომ მოწინააღმდეგეები 2005 წლის ფიფას კონფედერაციის თასზე კარგი თამაშით დაამარცხა.

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებულმა მილანელმა 5 გოლი გაიტანადა ბრაზილიელებს ფინალში გამარჯვებაში დაეხმარა.

სამხრეთამერიკულ ფინალში ბრაზილიელმა ვუნდერკინდებმა არგენტინა 4:1 გაანადგურეს და მატჩში ანგარიში მეთერთმეტე წუთზე სწორედ ადრიანომ გახსნა. მეორეც ლამაზი გამოუვიდა – სისინიოს ჩაწოდებულს თავი დაუხვედრა და...

ამ გოლს სხვა ლამაზი მნიშვნელობაც ჰქონდა –ბრაზილიელები ბურთს წუთზე მეტი ხანი აკონტროლებდნენ და შეტევის მშვენიერი დაგვირგვინებაც შეძლეს...

2004 წლის 11 ივლისიდან 2005 წლის 25 ივნისის (სწორედ ეს პერიოდი ითვლება ადრის ოქროს ხანად ) ჩათვლით, ადრიანომ ყველა ტურნირში 40 გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ეს მან 28 თამაშში შეძლო (სერია ა, იტალიის თასი, ჩემპინთა ლიგა, კოპა ამერიკა, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი და კონფედერაციის თასი).

2006 წელს ადრიანო მსოფლიოს ჩემპიონატზე წაიყვანეს. მას ისეთი ფეხბურთელების გვერდით მოუწია თამაში, როგორებიც იყვნენ რონალდო, რონალდინიო და კაკა.

ამ უკანასკნელმა უკვე პირველივე მატჩში გამოიჩინა თავი და ხორვატიელებს ერთადერთი, უპასუხო გოლი პირველი ტაიმის მიწურულს გაუტანა.

მეორე ჯგუფურ მატჩში ბრაზილია ავსტრალიას დაუპირისპირდა. ადრიანომ მეორე ტაიმის დაწყებიდან ოთხი წუთის შემდეგ შეაგდო თავისი სადებიუტო გოლი მსოფლიოს ჩემპიონატზე.

იმ თამაშს ბრაზილია მინიმალური სხვაობით მოიგებდა, რომ არ ეყოჩაღა 88–ე წუთზე ადრიანოს მაგივრად შემოსულ ფრედის და 90–ე წუთზე გოლი არ შეეგდო.

ჯგუფის საბოლოო, მესამე მატჩში კი, ბრაზილიელების მწვრთნელმა კარლოს ალბერტო პარეირამ ადრიანო და სხვა ლიდერები დაასვენა და იაპონიასთან გასამართ მატჩში (4:1) თითქმის მეორე შემადგენლობით გავიდა.

1/8 ფინალში, განასთან მატჩში, ადრიანომ პირველი ტაიმის მიწურულს მეორე გოლი შეაგდო და ანგარიში 2:0 გახადა. 61–ე წუთზე კი იგი ნახევარმცველმა, ჟუნინიო პერნამბუკანომ შეცვალა.

1!4 ფინალში, საფრანგეთთან მატჩში, პარეირამ ადრიანო სათადარიგო სკამზე დასვა და მის მაგივრად სწორედ ზემოთ აღნიშნული ჟუნინიო პერნამბუკანო შეუშვა.

59–ე წუთზე კი ტიერი ანრიმ საფრანგეთი დააწინაურა. აი, მაშინ კი ინანა ბრაზილიელთა დამრიგებელმა და 63–ე წუთზე თამაშში ადრიანო ჩართო, მაგრამ მან მატჩში გარდატეხის შეტანა ვერ მოახერხა. საბოლოოდ, ბრაზილიელები მსოფლიოს ჩემპიონატიდან ნაადრევად წავიდნენ.

მას შემდეგ ორმა წელმა განვლო და ადრიანო ბრაზილიელებს ეროვნულ ნაკრებში არ უნახავთ. მხოლოდ 2008 წლის 12 ოქტომბერს მიხვდა ყვითლების ახალი დამრიგებელი დუნგა, რომ ადრიანო აუცილებელი ფიგურა იყო.

სწორედ ამ დღეს ითამაშა ორწლიანი შესვენების შემდეგ ადრიანომ ვენესუელასთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში და მე–19 წუთზე შეაგდო კიდეც.

სამი დღის შემდეგ იყო კოლუმბიასთან მატჩშიც, რომელიც ყველასთვის მოულოდნელად უგოლოდ დასრულდა.

19 ნოემბერს კი ბრაზილიამ საკუთარ კედლებში სასტიკად გაანადგურა პორტუგალია ამხანაგურ შეხვედრაში – 6:2, სადაც ბოლო გოლი მატჩის მიწურულს ადრიანომ შეაგდო...

მის საკლუბო კარიერას რაც შეეხება, ის არცთუ წარმატებული აღმოჩნდა. ადრიანომ რობერტო მანჩინის გუნდში ადგილი ვერ შეინარჩუნა, ფორმიდან ამოვარდნას არადისციპლინარული საქციელები და გუნდიდან მოკვეთა მოჰყვა.

დიდი კამათის შემდეგ მიხვდნენ კლუბის პრეზიდენტი მასიმო მორატი და დამრიგებელი რობერტო მანჩინი, რომ ადრიანო სხვა კლუბში უნდა გაენათხოვრებინათ.

2007–2008 წლების სეზონი ადრიანომ ბრაზილიურ სან პაულუში გაატარა, სადაც გუნდის და ჩემპიონატის ერთპიროვნული ბომბარდირი გახდა.

შემდეგ იყო ჟოზე მაურინიუ, ვის გუნდშიც ადრიანომ ფეხი თითქოს მოიკიდა, ჩემპიონთა ლიგის პირველივე ტურში პანათინაიკოსს მატჩის მიწურულს მეორე და თემურ ქეცბაიას ანორთოსისს თავით ერთადერთი გოლი გაუტანა.

მაურინიუც გახარებული იყო, ირწმუნებოდა, რომ თუ ბრაზილიელი მხოლოდ წყალს დალევდა, მას ევროპის ერთ–ერთ საუკეთესო ვარსკვლავად აქცევდა, თუმცა მოხდა ის, რაც ადრიანოს ძალიან უყვარს – მან ალკოჰოლის სმას და გართობას უმატა. მაურინიუსთანაც ერთი–ორი მიჰქარა და ძირითადიდანაც ამოვარდა.

შედეგად, მას ინტერში წყალი ისევ აემღვრა და ახლა, უკვე საბოლოოდ, მის კარიერას წერტილი დაესვა.

ადრიანომ თავად განაცხადა, გუნდიდან მივდივარო, კონტრაქტი გაწყვიტა, მაგრამ ინტერმა მას ისეთ კლუბში გადასვლა აუკრძალა, სადაც შეიძლებოდა მისი მოწინააღმდეგე გამხდარიყო.

ადრიანომაც გეზი ბრაზილიისკენ აიღო და იმ კლუბს მიაშურა, სადაც ადრე კარიერა დაიწყო. ფლამენგოში მივიდა და მის მთავარ მწვრთნელს უკვე თავბედი აწყევლინა.

ამბობენ, რომ ადრიანო ყოველდღე სვამს, ქალებთან ერთობა და ფეხბურთისთვიას აღარ სცალია.

როგორც ბრაზილიელები ამბობენ, მას რამდენიმე მილიონი ევრო აქვს გამომუშავებული და აღარც ფეხბურთი აინტერესებს და აღარც სპორტული კარიერა, მისთვის მთავარი გართობაა.

ბევრი იმასაც კი ამბობს, რომ მალე ადრიანო ისეთ დღეში ჩავარდება, როგორც თავის დროზე უდიდესი ბრაზილიელი ფეხბურთელი, გარინჩა.
ნანახია: 942 | დაამატა: Giuseppe-Meaca | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 nerazuri  
0
dzan maagri fegburteli iyo raa,bolos ukve dzaan auria eg ro ar eqna sheidzleboda kidev intershi yofiliyo flag3

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  აპრილი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter