ბოლო დროს მაიკონის ტრანსფერი ნაკლებად სავარაუდო ხდება, რადგან არც ბენიტესი და არც მორატი ბრაზილიელის გუნდიდან გაშვებას არ აპირებენ. მადრიდის რეალი კი დროს არ კარგავს და მის შემცვლელად დავიდ ლუისს მოიაზრებს.
როდესაც მოურინიო სამეფო კლუბში მოვიდა განაცხადა, რომ რამოსის თამაში ცენტრში უფრო მოსწონს ვიდრე ფლანგზე, ხოლო მის რეალში მარჯვენა ფრთას დუგლას მაიკონი გააკონტროლებდა. იმ შემთხვევაში თუ ეს ტრანსფერი არ შედგა შესაძლოა რამოსმა თავისი პოზიცია კვლავ შეინარჩუნოს და ცენტრში პეპე დავიდ ლუისს შეუწყვილდეს. მარცხენა ფლანგზე კი ერთმანეთს კონკურენციას მარსელო და კოლაროვი გაუწევენ, იმ შემთხვევაში თუ ეს უკანასკნელი მადრიდში გადმობარგდა. რაც შეეხება არბელოას, მას ხშირად მოუწევს თამაში, რადგან როგორც მოგვეხსენება სერხიო უხეში თამაშით არის ცნობილი და სავარაუდოდ მომავალ სეზონშიც გამოტოვებს გაფრთხილებების გამო მატჩებს. რაც შეეხება ალბიოლს ის სათადარიგო მცველი გახდება, ხოლო გარაის დი მარიას ტრანსფერში გამოიყენებენ.
აღსანიშნავია, რომ მადრიდის რეალი დავიდ ლუისის შეძენას ზამთარშიც ცდილობდა, როდესაც პეპე დაიმტვრა, თუმცა მაშინ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ამ მცველის სამსახურით სამეფო კლუბის გარდა მანჩესტერ იუნაიტედი, სიტი, ჩელსი, ინტერი და მილანი არიან დაინტერესებული, მაგრამ ყველაზე დიდი შანსი მაინც ბლანკოსს აქვს, რადგან მათ ბენფიკასთან კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ მას შემდეგ, რაც პორტუგალიაში სავიოლა და ხავი გარსია გაუშვეს.
|