მახაჩყალის "ანჟის” ფორვარდ სამუელ ეტოოს იტალიურ "ინტერში” დაბრუნება სურს. ამის შესახებ 31 წლის კამერუნელმა ფეხბურთელმა ერთ-ერთ აპენინურ გამოცემასთან საუბრისას განაცხადა, ოღონდ მიზეზი არ დაუკონკრეტებია. ეტოოსთან დაახლოებული წყაროს ცნობით კი, ფეხბურთელი რუსული ფეხბურთის დონით დარჩენილა იმედგაცრუებული. "ანჟიმ” ევროთასებზე თამაშის პრაქტიკული შანსი უკვე დაკარგა და სავარაუდოდ, სამუელ ეტოოს გაღიზიანების მთავარი მიზეზი სწორედ ეს წარუმატებლობა გახდა.
სამუელ ეტოოს კომენტარს უკვე "ინტერის” პრეზიდენტი მასიმო მორატიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დაბრუნების პერსპექტივა მასაც ისევე ხიბლავს, როგორც თავად ფეხბურთელს. ბოლო სიტყვა კი "ანჟის” პრეზიდენტ სულეიმან კერიმოვზეა.