მადრიდის "რეალის" გერმანელმა ნახევარმცველმა, მესუტ იოზილმა განაცხადა, რომ მას შეთავაზება ჰქონდა მილანის "ინტერისგან", 2010 წელს, მაგრამ მადრიდის "რეალში" თამაში არჩია და ამავე გუნდში სურს კარიერის დასრულება.
Sport-Bild-ის ინფორმაციით, "ინტერი" ჯერ კიდევ იმ დროს ცდილობდა იოზილის გადაბირებას, როდესაც მილანურ გუნდს სათავეში "რეალის" ამჟამინდელი თავკაცი ჟოზე მოურინიო ედგა, მაგრამ მაშინ ტრანსფერი არ შედგა. ერთი წლის შემდეგ, უკვე 2010 წლის ზაფხულში, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, "ნერაძურის" ხელმძღვანელობამ ბრემენის "ვერდერს" იოზილის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს მადრიდულ გრანდში სურდა კარიერის გაგრძელება, რასაც იმავე ზაფხულში მიაღწია კიდევაც.
"მართალია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2010 წლის ზაფხულში რამდენიმე ევროპული გუნდისგან მქონდა შემოთავაზება და ერთ-ერთი სწორედ "ინტერი" იყო. თუმცა, მე გადავწყვიტე მადრიდის "რეალში" გადასვლა, რასაც საერთოდ არ ვნანობ. ეს იდეალური გადაწყვეტილება იყო ჩემი მხრიდან. მადრიდის "რეალი" მსოფლიოს საუკეთესო კლუბია და მსურს აქ დავასრულო საფეხბურთო კარიერა" - განაცხადა გერმანელმა Sport-Bild-თან საუბრისას.
"ჯერ 23 წლის ვარ და ამჟამინდელი ფორმა არ ასახავს ჩემს მაქსიმალურ შესაძლებლობებს. დროთა განმავლობაში უფრო მეტ გამოცდილებას მივიღებ და განვვითარდები. ამჟამად მთლიანად კონცენტრირებული ვარ მადრიდის "რეალზე" და გერმანიის ეროვნულ ნაკრებზე, რადგან ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ისტორია. "რეალთან" ერთად, მიმდინარე სეზონში შემიძლია "ლა ლიგისა" და ჩემპიონთა ლიგის მოგება. ზაფხულში კი გერმანიასთან ერთად - ევროპის ჩემპიონატის".
|