დღეს, 14 აპრილს, სერია B-ში, "პესკარასა” და "ლივორნოს” შორის მიმდინარე შეხვედრის 31-ე წუთზე, სტუმარი გუნდის 25 წლის ნახევარმცველი მინდორზე უგონოდ დაეცა. მიზეზი გულის შეტევა იყო. თამაშს ტრიბუნებიდან თვალს ადევნებდა პესკარას საავადმყოფოს მთავარი კარდიოლოგი, რომელმაც ფეხბურთელის გადარჩენა სცადა. მოგვიანებით, მოროზინი უახლოეს ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მაგრამ საავადმყოფოში მიყვანის დროს, იგი უკვე გარდაცვლილი იყო.
"მას გული გაუჩერდა. სამწუხაროდ, როდესაც სასწრაფო დახმარების მანქანა მოვიდა, ფეხბურთელი უკვე გარდაცვლილი იყო. მან გონს მოსვლა ვერ მოახერხა” – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი ექიმი.
პიერმარიო მოროზინი "უდინეზეს” საკუთრება იყო და იგი "ლივორნოში” არენდის წესით თამაშობდა.
სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ფეხბურთელი მოედანზე, ან თამაშის დროს მიღებული დაზიანების გამო, მოგვიანებით იღუპება. პირველად ასეთი შემთხვევა 1889 წლის ცამეტ იანვარს დაფიქსირდა, როდესაც ინგლისელი ფეხბურთელი, უილიამ კროპერი დაიღუპა. მას შემდეგ, ფეხბურთის თამაშის დროს 80-ზე მეტი სპორტსმენი გარდაიცვალა.
მოროზინი მე-2 მოთამაშეა, რომელიც 2012 წელს, საფეხბურთო მატჩის დროს დაიღუპა. პირველი ასეთი შემთხვევა თხუთმეტ მარტს დაფიქსირდა, როდესაც სიცოცხლეს ინდოელი ვენკატეში გამოეთხოვა. p.s ამ მიზეზით 33 ტურის გასამართი მატჩები ჯერჯერობით გაურკვეველი ვადებით გადაიდო