ორიგინალურ, უცნაურ და განსხვავებულ ადამიანებს ამქვეყნად რა დალევს, მაგრამ არა მგონია, დედამიწის ზურგზე მარიო ბალოტელისთანა უცნაური ადამიანი დადიოდეს. ამ შავტუხა ბიჭმა თითქმის მთელს ევროპას გაუჩინა საფიქრალი და საბოლოო ჯამში მაინც ვერ დადგინდა, ამ გაიტალიელებული აფრიკელის რაობა. უნდა ნახოთ, მარიოს თანაგუნდელები, როგორც კლუბში, ასევე იტალიის ნაკრებში, როგორი აღფრთოვანებით ჰყვებიან მის შესაძლებლობებსა და ტალანტზე. ცოტა ხნის წინათ, ჯანლუიჯი ბუფონმა ისიც კი თქვა, რომ უამრავი ფეხბურთელის მხარდამხარ უთამაშია, მაგრამ მარიო ბალოტელისთანა ნიჭიერი მობურთალი აქამდე არასოდეს უნახავს. "მანჩესტერ სიტის" იტალიელი მწვრთნელი, რობერტო მანჩინი ხომ საერთოდ გადარეულია ბალოტელის ტალანტით და დღენიადაგ იმაზე გოდებს, მარიოს თავში "ოფოფები" რომ არ ჰყავდეს, ჩემზე კარგი გუნდი მთელს დუნიაზე არავის ეყოლებაო.
"ოფოფები" მარიო ბალოტელის მართლაც რომ აურაცხელი ჰყავს. ასეთი გაუწონასწორებელი ხასიათისა და ბუნების კაცი საერთოდ როგორ შეეჭიდა ფეხბურთელობის ტვირთს, მიკვირს კიდეც. დღე არ გავა, რომ რაიმე სიგიჟით არ ”ისახელოს” თავი და თან ამას ისე აკეთებს, ყველამ იცის, რომ მეორე დღესაც იგივეს ჩამდენია. თუკი, ბალოტელი მინდორზეა და შუა თამაშისას ჩხუბი ატყდა, კითხვაც კი არ ღირს, თუ ვინ დაიწყო ეს ჩხუბი... თუკი მსაჯს ვინმემ შეაგინა და ზედ გვარიანი პანღურიც მიაყოლა, ესეც, რა თქმა უნდა, ბალოტელი იქნება. თამაშის დროს ღრიალი და მუშტების ქნევა ხომ ბალოტელის მოგონილია. ეს ნაგიჟარი აფრიკელ-იტალიელი თურმე ვარჯიშებზეც ისეთივე გადარეულია, როგორც თამაშებზე. საკმარისია თამაში არ წაუვიდეს, რომ დაუყვება თავის თანაგუნდელებს მთვრალი თიანელივით და შეუგინებელს არავის ტოვებს. სულ მის გამოა ხოლმე ვარჯიშებზე ჩხუბი და გაწევ-გამოწევა. მაგრამ დიდი ტალანტი რომაა? სასწაულებს რომ სჩადის? სულ არაფრიდან გოლის გატანა რომ შეუძლია? თამაშის მოგება სრულიად მარტოს რომ ხელეწიფება?... აი, ყოველივე ესაა იმის მიზეზი, რომ ბალოტელის მწვრთნელები, თანაგუნდელები და გულშემატკივრები დღემდე იტანენ, თორემ აქამდე ამ კაცს ფეხბურთში ვინ გააჭაჭანებდა?!..
მთელმა მსოფლიომ იცის, მინდორზე რაოდენ ემოციური, ჯაჯგურა და არაფრისდამთმობი კაცია ჯენარო გატუზო. მაგრამ როდესაც ჯენარო სახლში ბრუნდება, მის მეგობრებსა და თანაგუნდელებს თუ დავერწმუნებით, ერთი ლაღი და მხიარული სამხრეთელი კაცი ხდება, რომელსაც თავისუფალ დროს სიმღერის, გართობისა და ცეკვა-თამაშის მეტი ამქვეყნად არაფერი უნდა. მარიო ბალოტელი კი ცხოვრებაშიც ისეთივე დაუწყობელი და ნაგიჟარია, როგორც მინდორზე.
ორი თვის წინათ, ბალოტელიმ თავისი მანჩესტერელი მეზობელი მიტყიპა. მეზობელმა ფერადკანიანი ფეხბურთელის მეგობარს თურმე, ავტომობილის საკუთარი ფანჯრების წინ დაყენებაზე უარი უთხრა. ამან ისედაც შეშლილი მარიო თურმე მთლად ჭკუიდან გადაიყვანა, უჟმურ მეზობელს მიეჭრა და გინებათა კორიანტელს ორიოდე მუშტიც მიაყოლა. რიგით მანჩესტერელ მოქალაქეს ეს რომ ჩაედინა, ბრიტანეთის პოლიცია ერთი თვე მაინც აყურყუტებდა ”ვირის აბანოში”, მაგრამ წესრიგის მოყვარე ბრიტანელებმა ბალოტელის ეს ამბავი აპატიეს და მხოლოდ ჯარიმა დააკისრეს, რადგან იციან, რომ ბალოტელი ბალოტელია, ამის ყველაზე ბალოტელისეული გაგებით.
როდესაც მარიო ბალოტელიზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ერთი მრავლისმეტყველი ვიდეო-კადრი, რომელიც ცოტა ხნის წინათ თითქმის მთელმა მსოფლიომ ნახა - კადრში ჩანს, მარიო ბალოტელი, რომელიც სპორტული მაისურის ჩაცმას მთელი მონდომებით ცდილობს, მაგრამ ხან მაისურის სახელოებში უყრის ხელს შეცომით, ხან საყელოს ვერ პოულობს და მოკლედ, მთელი 5 წუთი ერთ ტანჯვასა და ვაებაშია, სანამ მაისურის ჩაცმას მოახერხებს. როგორც უკვე ვთქვით, ამ სასაცილო ვიდეომ თითქმის მთელი მსოფლიო მოიარა და ფეხბურთთან მწყრალად მყოფი ადამიანების უმეტესობა ინტერნეტში გამოთქმულ კომენტარებში წერდა, რომ მათი აზრით, ეს ფერადკანიანი ყმაწვილი ფრიად უცნაური ვინმეა და ალბათ, ფეხბურთსაც ისევე ”ხარისხიანად” თამაშობს, როგორც მაისურის ჩაცმა გამოსდისო. არადა, როგორც გინდა ამ ხალხს დააჯერო, რომ მარიო ბალოტელი უნიჭიერესი ფეხბურთელია, რომელსაც თუკი თამაში წაუვიდა, რამდენიმე მცველიც კი ვერ აჩერებს; რომელსაც წარმოუდგენელი სირთულის გოლების გატანა ძალუძს და რომელსაც მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, უდიდესი ფეხბურთელების გვერდით აყენებენ.
მართლაც რომ ძნელია ამოხსნა ფრიად უცნაური ფენომენი, რომელსაც სახელად მარიო ბალოტელი ჰქვია
|