ამ უქმეებზე დიდი იტალიური დერბი შედგება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ საფეხბურთო იტალიას მოსაწყენად არ ეცლება. "იუვენტუსი" "ინტერის" წინააღმდეგ, ეს ყოველთვის საინტერესოა და გამონაკლისი არც კვირას დაგეგმილი პაექრობა იქნება.
ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც "მილანის" გულშემატკივრები "ინტერს" დაუჭერენ მხარს, რადგან "ბიანკონერი" სკუდეტოსთვის ბრძოლაშია ჩაბმული, "ნერაძური" კი კაცმა არ იცის რაში...
მოკლედ, სატურნირო ცხრილის გადასახედიდან, უფრო მოტივირებული წესით "იუვენტუსი" უნდა იყოს, მაგრამ ასე მარტივად არ არის საქმე... შესაძლოა, ერთი კონკრეტული მატჩის მოსაგებად სატურნირო მოტივაციის ნაკლებობა და ფსიქოლოგიური წნეხისგან თავისუფლება უკეთესიც იყოს.
სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება "ინტერის" გამოცდილმა ნახევარმცველმა დეიან სტანკოვიჩმა:
"მეტოქე სკუდეტოსთვის ბრძოლაშია ჩაბმული და ბევრი რამე აქვს დასაკარგი, ჩვენ კი თავისუფლად ვითამაშებთ. ეს ხელს შეგვიწყობს, რომ არ ვინერვიულოთ, არ დავიძაბოთ და შესაძლებლობები სრულად წარმოვაჩინოთ.
მოგების შემთხვევაში, საკუთარი თავის რწმენა დაგვიბრუნდება და შემდეგ, სულაც არ გამოვრიცხავ, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში ჩავერთოთ. მთავარი ერთი მნიშვნელოვანი მატჩის მოგებაა და კვირას, ამის საუკეთესო შესაძლებლობა გვეძლევა".
დაახლოებით ანალოგიური შინაარსის კომენტარი გააკეთა კლაუდიო რანიერიმ და განსაკუთრებით იმას გაუსვა ხაზი, რომ "იუვენტუსის" დამარცხება "ინტერისთვის" კრიზისის დაძლევის წინაპირობა იქნება. თუმცა, იქვე დაამატა, ამის გაკეთება ურთულესი იქნება და ფავორიტი ტურინული გრანდიაო. "გაძეტა დელო სპორტის" ვერსიით, რანიერი 4-4-2 ტაქტიკას აირჩევს და შეტევის წინა ხაზზე დიეგო მილიტოსა და დიეგო ფორლანის ტანდემს გაამწესებს. ვესლი სნეიდერი და რიკი ალვარესი ტრავმირებულნი არიან, შესაბამისად, მილანურ გუნდს გამთამაშებლის გარეშე მოუწევს ასპარეზობა.
რაც შეეხება "იუვენტუსს", ანტონიო კონტე ტრადიციულად 4-3-3 ტაქტიკას აირჩევს და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, შეტევაში შემდეგ ტრიოს გაამწესებს: სიმონე პეპე, მირკო ვუჩინიჩი, ალესანდრო მატრი. თუ პეპე და მატრი ბოლო დროს არც თუ კარგად ირჯებიან, სამაგიეროდ, ვუჩინიჩია შესანიშნავ ფორმაში და გოლს გოლზე იტანს.
სწორედ მან შეუგდო "მილანს" გადამწყვეტი გოლი, რომელმაც ტურინული გრანდი იტალიის თასის ფინალში გაიყვანა. ეს ამბავი სამშაბათს მოხდა და აი, ზუსტად ხუთ დღეში პიემონტელები მეორე მილანურ გუნდს უმასპინძლებენ - მოახლოებულ პაექრობაზე ტურინელთა თავკაცმა შემდეგი განაცხადა:
"წინ უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის, რომელიც ძალიან ბევრ კითხვას გასცემს პასუხს. უნდა დავინახოთ, რეალურად ვართ თუ არა მზად სკუდეტოს მოსაპოვებლად. დადებითი შედეგი მხოლოდ გამარჯვება იქნება, ჩვენ სამი ქულა გვჭირდება და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საწადელს მივაღწიოთ. ანდრეა ბარცალის ტრავმა აქვს, ჯერ ბოლომდე ვერ მოშუშდა და მისი ჯანმრეთელობის გარისკვას არ ვაპირებთ. სამაგიეროდ, ჯორჯო კიელინი გვიბრუნდება და ეს ძალიან მახარებს. ვინც არ უნდა იყოს მოედანზე, მთავარია ბოლომდე დავიხარჯოთ და სასურველ შედეგს აუცილებლად მივაღწევთ".
მართალია, სატურნირო მდგომარეობაზე ზემოთ ბევრი ვისაუბრეთ, მაგრამ მეორეს მხრივ, რა დროს ცხრილია? - წინ დიდი იტალიური დერბი გველის...