ბარსელონის "ესპანიოლის" სპორტულნა დირექტორმა რამონ პლანესმა განაცხადა, რომ ზაფხულში მისი მთავარი საზრუნავი ფილიპე კოუტინიუს ტრანსფერის საბოლოოდ გამოსყიდვა იქნება. ახალგაზრდა ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი ზამთარში "ინტერიდან" იჯარით აიყვანეს და გამოადგათ კიდეც: გასულ ტურში კოუტინიუმ "რაიო ვალიეკანოსთან" (5:1) დუბლი მიითვალა და ერთი საგოლე პასიც შეასრულა. "კოუტინიუს ჩვენთან დარჩენა შეუძლია. "ინტერთან" ამ საკითხს განვიხილავთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ბრაზილიელი დავიტოვოთ. შეუძლებელი არაფერია", – უთხრა პლანესმა ესპანურ Don Balon-ს. 19 წლის კოუტინიუ "ინტერმა" 2010 წელს იყიდა ბრაზილიური "ვასკო და გამადან", თუმცა ფეხბურთელს ევროგრანდში ფეხის მოკიდება გაუჭირდა და წელიწადნახევარში მხოლოდ 18 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 2 გოლი გაიტანა. კოუტინიუ გასულ ზაფხულში 20-წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
|