ინტერი - მარსელი (პირველი მატჩი 0:1)
მართალია, კენჭისყრის შემდეგ, წყვილის ფავორიტად "ინტერი” ითვლებოდა, მაგრამ მილანელების საფრანგეთში მარცხი მოულოდნელი მაინც არ ყოფილა. ამის მიზეზი ისაა, რომ 2 კვირის წინათ გამართულ შეხვედრას "მარსელი” 15-მატჩიანი წაუგებელი სერიით შეხვდა, ხოლო "ინტერს” ბოლო ექვს თამაშში 5 მარცხი და 1 ფრე ჰქონდა. დღეს, სიტუაცია შეცვლილია. 9-მატჩიანი მოლოდინის შემდეგ, სერია A-ს გასულ ტურში, "ინტერმა” მოგების გემო გაიხსენა, ხოლო მილანელებთან მოგების შემდეგ, "მარსელმა” 4 თამაში ჩაატარა და ოთხივე ისე წააგო, რომ გოლიც არ გაუტანია.
გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორია სამ მატჩს ითვლის და სამივე შემთხვევაში, "მარსელმა” 1:0 მოიგო. 2 კვირის წინათ გამართულ შეხვედრამდე, ფრანგებმა იტალიელები 2004 წელს, უეფას თასის 1/4-ფინალში 2-ჯერ დაამარცხეს.
"ინტერი” ფრანგულ გუნდებს სულ 23-ჯერ შეხვედრია. მილანელებს 10 მოგება, 6 ფრე და 7 მარცხი დაუგროვდათ. საკუთარ კედლებში, "ინტერმა” 5-ჯერ მოიგო, 3-ჯერ ფრედ ითამაშა და ამდენჯერვე წააგო.
იტალიის წარმომადგენლებთან ჩატარებული 17 თამაშიდან "მარსელმა” 7 მოიგო, ხოლო 5-5 ფრედ ითამაშა და წააგო. გასვლაზე, ფრანგულმა გუნდმა ერთი მატჩი მოიგო, 4 ფრედ ითამაშა და 2 დათმო. შეხვედრას პორტუგალიელი არბიტრი, პედრო პროენსა განსჯის. მისი მონაწილეობით ჩატარებული 2 თამაშიდან "ინტერმა” ერთი მოიგო და ერთიც ფრედ ითამაშა. უკეთესი მაჩვენებელი აქვს "მარსელს” – ფრანგებმა პროენსას განსჯილი ორივე მატჩი მოიგეს.
ტრავმირებული ალვარესისა და რანოკიას გარდა, "ინტერს” დისკვალიფიცირებული კივუც დააკლდება. სტუმართა დანაკლისი ტრავმირებული ჟინიაკისა და ორმანისგან შედგება. მცირე ტრავმა აწუხებს ანდრე აიუსაც, მაგრამ სავარაუდოდ, იგი დღეს ითამაშებს.
• "ინტერის” წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო სამ მატჩში "მარსელმა” პირველი ტაიმი ფრედ ითამაშა, ხოლო საბოლოო გამარჯვება სამივე შემთხვევაში ფრანგებს დარჩათ. "მარსელმა” სამივე თამაში 1:0 მოიგო; • "ინტერმა” ფრანგულ კლუბებთან საკუთარ კედლებში გამართული ბოლო 5 თამაში მოიგო; • "ინტერმა” ჩემპიონთა ლიგის ბოლო 5 საშინაო თამაშიდან 1 მოიგო (ფრანგულ "ლილთან”) და 4 წააგო; • მილანელებმა ჩემპიონთა ლიგის/თასის პლეი ოფის პირველი მატჩი გასვლაზე 28-ჯერ წააგეს. "ინტერი” შემდეგ ეტაპზე 15-ჯერ გავიდა; • "მარსელს” შანსი აქვს ლიგის საუკეთესო 8 გუნდში 1993 წლის შემდეგ პირველად მოხვდეს. მაშინ, ფრანგებმა ტურნირის მოგება მოახერხეს; • იტალიაში თამაშის დროს (1994-1999 წლები) დიდიე დეშანს "ინტერთან” გასვლითი მატჩი არასდროს წაუგია; • "ინტერს” შანსი აქვს ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე 50-ე თამაში მოიგოს; • ყველა ტურნირის გათვალისწინებით, "ინტერს” ბოლო ოთხ საშინაო მატჩში მოგება არ აქვს; • 2 კვირის წინათ, "ინტერთან” მოგების შემდეგ, "მარსელმა” 4 თამაში ჩაატარა და ოთხივე მშრალად წააგო; • "მარსელი” მეტოქეს განსაკუთრებით მეთექვსმეტედან 30-ე წუთამდე უნდა უფრთხილდეს. 8 გოლიდან 4 "ინტერმა” სწორედ დროის ამ მონაკვეთში გაიტანა.
სავარაუდო შემადგენლობები ინტერი (4-4-1-1): სეზარი, მაიკონი, ლუსიო, სამუელი, ნაგატომო, ძანეტი, პოლი, კამბიასო, ობი, სნეიდერი, მილიტო.
მარსელი (4-2-3-1): მანდანდა, ასპილიკუეტა, დიავარა, ნ’კულუ, მორელი, დიარა, შეირუ, ამალფიტანო, ვალბუენა, ა. აიუ, რემი.
მსაჯი: პედრო პროენსა (პორტუგალია).
|