რიგით 215-ე იტალიის დერბის „იუვენტუს არენამ" უმასპინძლა და როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძელმა გუნდმა „ინტერს" სეზონის მე-2 მატჩიც მოუგო.
ტურინში გამართული თამაშის პირველი ნახევარი თანაბარ და ძალზე სანახაობრივ ბრძოლაში წარიმართა. მიუხედავად არაერთი სახიფათო მომენტისა, გუნდებმა შესვენებამდე გოლის გატანა ვერ მოახერხეს.
მე-2 ტაიმში, ფეხბურთს მხოლოდ „იუვენტუსი" თამაშობდა და ანტონიო კონტეს შეგირდებმა დამსახურებულად იმარჯვეს. ანგარიში 57-ე წუთზე გაიხსნა, მას შემდეგ, რაც პირლომ ბურთი კუთხურიდან მოაწოდა და კასერესმა თავით კარგად ითამაშა. 71-ე წუთზე, ვიდალმა კარგი გადაცემით „ინტერის" მთელი დაცვა უსაქმოდ დატოვა და „იუვენტუსის" ლეგენდას, ალექს დელ პიეროს მიმდინარე გათამაშებაში პირველი გოლი გაატანინა.
29-ე ტურის ბოლო თამაშის შემდეგ, „იუვენტუსი" კვლავ წაუგებელია და ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობს, ხოლო „ინტერი" ევროზონას კიდევ უფრო დაშორდა.
„იუვენტუსისგან" განსხვავებით, ორბურთიანი უპირატესობა ვერ გამოიყენა „ნაპოლიმ", რომელიც „კატანიას" მასპინძლობდა. ნეაპოლელებმა ანგარიში 61-ე წუთზე, ჯემაილის შესამიშნავი შორეული დარტყმით გახსნეს. 6 წუთში, მეკარესთან პირისპირ გასულმა კავანიმ ბურთი ძელს მოარტყა, მაგრამ სტუმარი მცველები ძალიან ცუდად გაისარჯნენ და ბურთი კვლავ ნეაპოლელთა მე-7 ნომრამდე მივიდა, რასაც მასპინძელთა წინ 2 ბურთით გასვლა მოჰყვა. „კატანიამ" ერთი ბურთი 75-ე წუთზე, სპოლის მოხდენილი თავურით გაქვითა, ხოლო ათ წუთში, ლანცაფამემ 6 მეტრიდან გაისროლა და სიცილიელებს ქულა მოუტანა.
ზედიზედ 2 თამაშის წაგების შემდეგ, კვლავ მოიგო „ლაციომ". რომაელებმა „კალიარის" უმასპინძლეს და მეტოქე შეხვედრის მიწურულს, დიაკიტეს მიერ გატანილი გოლით დაამარცხეს.იუვენტუსი-ინტერი 2:0 (0:0)