მართალია, სერია A-ს უკანასკნელ ტურში "ინტერმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ ჯერ მაინც ადრეა იმაზე ლაპარაკი, რომ გუნდმა კრიზისი დაძლია და აღმავლობის გზას დაადგა.
"ინტერის" პრობლემები ერთი გამარჯვებით ვერ აღმოიფხვრება და ეს გუნდის გულშემატკივრებს ყველაზე უკეთ ესმით. "ნერაძურის" ყოფილი ფეხბურთელი მარკო მატერაცი "კორიერე დელო სპორტის" ჟურნალისტს ესაუბრა და თავისი გულის ნადები გაანდო:
"როდესაც საყვარელ გუნდს ასეთ დღეში ვხედავ, გული სისხლით მევსება. საშინელებაა, როდესაც უყურებ თუ როგორ იოლად ამარცხებენ გუნდს, რომელიც სულ ახლო წარსულში ყველაფერს იგებდა.
ვერ გეტყვით რამ განაპირობა ასეთი კრიზისი, მაგრამ ერთი ფაქტია: გუნდში ძირეული ცვლილებებია მოსახდენი. ზაფხულში მაღალი კლასის ფეხბურთელთა დამატებაა საჭირო, მაგრამ ყველაზე ცუდი ის გახლავთ, რომ ამის გაკეთება ურთულესი იქნება.
ვის უნდა იმ გუნდში ასპარეზობა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე არ ასპარეზობს? - არადა, სერია A-ს სამეულში მოხვედრაზე უფრო რეალური ისევ ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. მოკლედ, რთული ვითარებაა და ამ ყველაფერს მშვიდად ვერ ვუყურებ".
|