მილანის "ინტერის” ფორვარდი დიეგო მილიტო დარწმუნებულია, რომ შექმნილ რთულ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი კლუბის ხელმძღვანელების, ფეხბურთელებისა და ფანების ერთად დგომაშია.
საიდუმლო არაა ის, რომ "ნერიაძურის” მძიმე დროება უდგას. "ინტერი” მისთვის შესაფერის თამაშს ვერ უჩვენებს, გუნდი პრესის მხრიდან მძიმე წნეხის ქვეშაა.
"ჩვენ რთულ პერიოდს გავდივართ, თუმცა დარწმუნებით შემიძლიათ გითხრათ, რომ გამოსავალი მხოლოდ ერთად დგომაშია. ამ ეტაპზე ერთიანობა გვჭირდება. ხელმძღვანელები, ფეხბურთელები, ფანები უნდა გავერთიანდეთ, რათა ერთად ვიმუშაოთ და ერთად გადავლახოთ სირთულეები. ასეთ დროს ფეხბურთელები პასუხისმგებლობას არასდროს გაურბიან”, – მილიტოს სიტყვებს Football Italia აქვეყნებს.
"გვინდა ამ სიტუაციას თავი მალე დავაღწიოთ. ვიმედოვნებ, კვირას "კატანიასთან” დაპირისპირება ჩვენთვის წარმატებული გამოდგება. ახლა მეტად მნიშვნელოვანია სამი ქულის მოპოვება. გულგატეხილები ვართ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ფანები არავითარ შემთხვევაში არ მიგვატოვებენ”, – დაასრულა "ინტერის” არგენტინელმა თავდამსხმელმა.
ცნობისთვის, ხვალ "ინტერსა” და "კატანიას” შორის დაპირისპირება ჩვენი დროით 23:45 საათზე დაიწყება.
|