ფეხბურთის იტორიას, ისევე, როგორც ყველანაირ ისტორიას, დიდი ადამიანები ქმნიან - განსაკუთრებულები, გამორჩეულები. ამას გლობალიზაციის, როგორც ახალი წესრიგის არსი, ებრძვის და რაკი ბევრი ჩვენთაგანისთვის სამწუხაროდ, მისი პროცესი ჯერაც სტაბილურად მიმდინარეობს, პირდაპირპროპორციულად მცირდება საინტერესო და გამორჩეული ადამიანების რიცხვი. ვერავინ დამაბრალებს ვერცერთი იმ კლუბის ქომაგობას, სადაც მას უმუშავია, არც მისი ხმაურიანი, ხშირად ყიამყრალი გამოხდომები მომწონს, მაგრამ იგი დიდი მწვრთნელი და დიდი ადამიანია, ისეთი, რომელიც ისტორიას ქმნის და აქედან გამომდინარე, მაგრადაც მაინტერესებს. ეს ინტერნეტში ამონაკრები, ორად გაყოფილი, საკმაოდ დიდი წერილიც ამ ინტერესის შედეგია - ვფიქრობ, საინტერესო შედეგიც.
პორტუგალიაში ხუმრობენ, რომ ის მეზობლის ძაღლებსაც კი 4-4-2 სისტემით არბენინებდა. თავადაც ასე ამბობს, რომ 4-4-2 სისტემის მიმდევარია, მაგრამ თუკი დაუკვირდები, 4-2-3-1 ან 4-3-2-1 სქემით ათამაშებს გუნდებს - იმისდა მიხედვით, რის საშუალებას აძლევს გუნდი. „პორტუშია"? დაცვაზე მეტი ფიქრი სჭირდება. „ჩელსის" წვრთნის? შემადგენლობიდან გამომდინარე, შეტევაზე მეტად გადართვა შეუძლია. მწვრთნელი ბედთან ჯიბრის გამო გახდა. მამამისს რომ ჰკითხო, მხოლოდ 15 წლის ასაკში თქვა პირველად, რომ საფეხბურთო მწვრთნელობას აპირებდა. მანამდე? მანამდე ცდილობდა, ფელიქს მოურინიოს გზა გაემეორებინა და მეკარე გამხდარიყო - „სეტუბალის", „ბელენენსეშის" ან სხვა რომელიმე „არაგრანდის" მეკარე. არ გამოუვიდა. მეკარეობაზე მეტად მცველობა იზიდავდა და მაგრად ეცადა, მცველი გამხდარიყო. ვერც ეს შეძლო. აი, მას მერე იყო, მწვრთნელი გავხდებიო, რომ თქვა. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობს ფელიქს მოურინიო - მისი კერპი და მამაც - სხვათა შორის. ახლა, როცა „დიდი კაცი" გახდა, ბევრი რამე სხვაგვარად დალაგდა - მის გარშემო, რა თქმა უნდა. ამბობენ, რომ ასაკს ყოველთვის უსწრებდა - ჭკუით. ფხიზლად აფასებდა მდგომარეობას და როგორი მტკივნეულიც უნდა ყოფილიყო სიტუაცია, მუდამ სწორი დასკვნები გამოჰქონდა. დასტური? ინებეთ: როგორც კი მოთამაშეობის კარიერას საკუთარსავე წარმოდგენაში წერტილი დაუსვა, ფეხბურთთან სიახლოვე ახალი მიზნის განსახორციელებლად მიმართა და პრაქტიკული გამოცდილების დაგროვებაზე დაიწყო ზრუნვა. ამოსავალი? გამოსავალიც: იყოს მოთამაშე, მწვრთნელისთვის არ არის აუცილებელი! თამაშობდა თუ არა ფეხბურთს? თამაშობდა... თამაშობდა რა... ეს რას ნიშნავს? ამას: 1981 წელს მოკრძალებული, პროვინციული კლუბი „რიუ ავე" (თარგმანში მისი სახელი ჩიტისწყალს, ჩიტის მდინარეს ნიშნავს) მავან ფერნანდო კაბრიტის ხელმძღვანელობით მზის შუქზე „ამოძვრა" - მეორე დივიზიონის ჩრდილო ზონაში პირველი ადგილი დაიკავა. მიუხედავად ამისა, კაბრიტი გაუშვეს - მისი არც სტილი მოსწონდათ და დამატებითი ხელფასიც მოითხოვაო. ახალი მწვრთნელი კლუბის ყოფილი მეკარე ფელიქს მოურინიო გახდა. მას თითქოს არაფერი შეუცვლია. ერთადერთი ახალწვეული გაუჩნდა - მისთვის არცთუ შორებელი ადამიანი, „ბელენენსეშის" მეორე შემადგენლობის სათადარიგო, 18 წლის ჟოზე მარიო სანტუშ მოურინიო ფელიქსი. მოიყვანა და „რიუ ავეშიც" სათადარიგოებში დასვა - მოკლედ რომ ითქვას, ვარსკვლავებს ვერ წყვეტდა და იმიტომ. სხვა არაფერი შეუცვლია... თითქოს... არადა გუნდმა სტარტიდანვე ისეთი შედეგი აჩვენა, სატურნირო ცხრილის ლიდერებში გაერია. „ბენფიკასა" და „სპორტინგს" არ დაუდო ტოლი. მეცხრამეტე ტურისთვისაც კი მესამე ადგილს იკავებდა. სწორედ ამ დროს დასჭირდა მამას შვილი და 1982 წლის 16 იანვარს „რიუ ავეს" პირველი გუნდის მებრძოლი და ისტორიული შემადგენლობაც ჩამოიწერა, სადაც... ჟოზე მოურინიო მხოლოდ მოხვდა და მინდორზე სათამაშოდ ეგრეც არ გასულა. ის შეხვედრა „ბელენენსეშთან" უგოლოდ, 0:0 მორჩა და მიუხედავად იმისა, უმცროსმა მოურინიომ სათადარიგოთა სკამი ხეხა, დიდ ფეხბურთს სულ ახლოდან ეზიარა. მეორედ მსგავსი შანსი 10 ტურის ანუ 4 თვის შემდეგ მიეცა - „სპორტინგთან" თამაშის წინ მათი ცენტრალური მცველი ფიგეირედო დაშავდა და მამამ შვილი მეჩვიდმეტე მოთამაშედ განაცხადში ჩაწერა. მეტი არც სჭირდებოდა „რიუ ავეს" იმპულსურ პრეზიდენტ ჟოზე მარია პინიოს, იგი ვიპ-ლოჟიდან ყვირილით - „ხომ გაგაფრთხილე!", მიუვარდა უფროს მოურინიოს და მემკვიდრე გასახდელისაკენ გააბრუნებინა. ფელიქსმა ამოისუნთქა და... ბედს დაემორჩილა. შედეგი სარეკორდო იყო - „რიუ ავემ" 1:7 წააგო და სკანდალსა და შეურაცხყოფას დამცირებაც მოჰყვა. მას შემდეგ, როცა მას ცხოვრების უსიამოვნო მომენტებზე ეკითხებიან, პასუხს გაურბის. პრეზიდენტმა ყველა ზღვარს კი გადააბიჯა, მაგრამ ზოგადად მართალი იყო - იმ მომენტისათვის შვილი-მოურინიო ფაქტობრივად „სეტუბალის" მოთამაშედ ითვლებოდა, შეიძლება ითქვას, ცალი ფეხი იქ ჰქონდა და გასაგებია, რომ მხოლოდ პინიო კი არა, არცერთი პრეზიდენტი არ ისურვებდა შემადგენლობაში სხვისი ფეხბურთელის ყოლას. იმ დღეს შემადგენლობაში კიდევ ერთი საინტერესო გვარი ირიცხებოდა - მაშინ 30 წლის ბალტემარ ბრიტო. მანამდე იგი „გიმარაეშსა" და „პაკუშ ფერეირაში" თამაშობდა, „რიუ ავეში" კაბრიტიმ მიიყვანა და... მისი შემცვლელის, ფელიქს მოურინიოს ნდობით აღჭურვილი პირი, მეტიც, მისი ვაჟის უახლოესი მეგობარი გახდა. მომდევნო სეზონში ბრიტო მეგობარს „გაეკიდა" და ისიც „სეტუბალის მოთამაშე გახდა", კიდევ ერთი სეზონის მერე ისინი ერთდროულად დაბრუნდნენ „რიუ ავეშიც" და ქვეყნის თასის ფინალსაც მიაღწიეს, 1985-86 წელს მეგობრის მამასთან „ვარზიმში" (ფელიქს მოურინიოს იქ დაუძახეს მწვრთნელად) გაატარა და იმავე სეზონის ბოლოს დაკიდა ბუცები ლურსმანზე. ახლა ბრიტო ჟოზე მოურინიოს უახლოესი თანაშემწე და მისი გუნდის განუყოფილი ნაწილია და საინტერესო ზედმეტსახელსაც ატარებს - „პირადი მცველი". მოურინიო ამაყია, ლიდერიც და ყველაფერს საკუთარი პერსონის გარშემო თავად ქმნის. წარსულისა გარკვეულწილად რცხვენოდა და მერე და მერე საგულდაგულოდაც მალავდა, დიდი ფეხბურთი რომ არ უთამაშია. თქვენ წარმოიდგინეთ, ბობი რობსონმა მხოლოდ შემთხვევით გაიგო, რომ „ბარსაში" მის თარჯიმანსა და დამხმარე ჟოზეს სულაც არ უთამაშია „რიუ ავეში". ერთ-ერთ სადილზე, პრეზიდენტი პინიო და რობსონი ერთად აღმოჩნდნენ და „რიუ ავეს" პრეზიდენტმა გუდას პირი მოხსნა. შედეგი? მოურინიო საშინლად შეურაცხყოფილი დარჩა. თუმცა, მოთამაშის კარიერა არ არის ერთადერთი, რაზე საუბარიც მოურინიოს არ უყვარს. იგი კატეგორიულად არ საუბრობს საკუთარ ბავშვობაზეც. არადა, რეპორტიორებიც რომ არ ეშვებიან?! არ ყოფილა პრესკონფერენცია, სადაც ერთი შეხედვით უწყინარ კითხვას არ გაეჟღერა - ვინ უფრო დიდი გავლენა იქონია თქვენზე, დედამ თუ მამამ? მამამისი უბრალო ოჯახში დაიბადა - ჟოზეს ბაბუა კოკი ანუ მზარეული იყო და მთელი ცხოვრება წყნარად, პატიოსნად გაატარა. რაც შეეხება დედის მხარეს, "განსაკუთრებულის” დედა მარია ჟულია უშვილო მდიდარი ბიძის მარიო ლედოს სასახლეში იზრდებოდა. ეს მარიო ლედო პოლიტიკურად კი სრულიად ნეიტრალური ადამიანი გხლებიათ, მაგრამ პორტუგალიის დიქტატორ სალაზარის მმართველობის ხანაში სარდინის კონსერვებით ევროპა წაულეკია და იმდენი ქონება დაუგროვებია, სეტუბალის უმდიდრეს მოქალაქედაც ქცეულა. ამ კაცს აუშენებია სეტუბალის ის სტადიონი, სადაც ამჟამად „ვიტორია" თამაშობს და ამას გარდა, მემკვიდრეთათვის სერიოზული ქონებაც დაუტოვებია. მისთვის საბედნიეროდ, 1974 წლის სამხედრო გადატრიალებას ვერ მოესწრო და შესაბამისად, ვერც ის იხილა, თუ როგორ „განაკულაკეს" მისიანები. სამაგიეროდ, მოურინიოს დედას მზითვად მოყოლილი საკმაოდ კომფორტული ბინა შეუნარჩუნეს და მომავალი ტრიუმფატორიც სწორედ ბაბუის დანატოვარ სახლში გაიზარდა. ბუნებრივია, ადვილი დასაჯერებელია ის, რასაც ჰყვება მოუს ერთ-ერთი დეიდა, რომ ჟოზე მდიდარი და მოამაგე ბაბუის დიდი პატივისცემის გრძნობით გაზარდეს. მოგვიანებით, 2003-ში, როცა „პორტუს" ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა, ჟოზე შინ მივიდა, ბავშვობის ყველა სურათი ჩამოხსნა და დედას აუხსნა: „დედა, კარგად გამიგე... არ მინდა, ისინი რომელიმე გაზეთში მოხვდნენ!" პრეზიდენტ პინიოსაგან მიყენებული პირველი წყენა მამა-შვილმა უხმაუროდ გადაყლაპა და მუშაობა გაორმაგებული ენერგიით გააგრძელა. შვილმა საბოლოოდ გადაწყვიტა, მოთამაშეობას შეშვებოდა და იქცა ეგრეთ წოდებულ „შპიონად", რომელსაც ახლანდელ ფეხბურთში უფრო კორექტულ სახელს, „სკაუტს" - მზვერავს, დამკვირვებელს ეძახიან. სწორედ მაშინ გაჩნდა ის დღიურები („თალმუდები"), სადაც მოურინიო უკიდურესი წვრილმანის გათვალისწინებით წერდა ყველაფერს მომავალი მეტოქეების შესახებ და რომლებიც, როგორც თავად ირწმუნება, არასოდეს გამოქვეყნდება. არადა, დარწმუნებული უნდა ბრძანდებოდეთ, რომ იქ ძალიან ბევრი რამაა ისეთი, რაც ამ ჩანაწერებს ბესტსელერად აქცევდა - ჟოზე ბავშვობიდან მეტად პედანტურად უდგებოდა საკეთებელს და რასაკვირველია, ეს „თალმუდებიც" სათანადოდ ექნება შედგენილი. სხვათა შორის, მისი შემთხვევა საკმაოდ დიდ ჩრდილს აყენებს თეორიას, რომლის თანახმადაც პედანტურობა ხელოვნების მტერია - აგერ, ბატონო, მაგალითი. და მაინც, რამდენიც უნდა უარყოს მოურინიომ საკუთარ ცხოვრებაზე დედის გავლენა, ერთ ფაქტს ვერსად გაექცევა: რაკი ფეხბურთი და ფეხბურთელობა სერიოზულ საქმედ არ მიაჩნდა, დედა ადგა და 23 წლის ვაჟი უკითხავად ჩაწერა ბიზნესის სკოლაში. ფაქტის წინ დამდგარ მოურინიოს ქოში უკუღმა არ უყრია და მოიქცა ისე, როგორც დამჯერი შვილი მოიქცეოდა - ბიზნესის სკოლაში სასწავლებლად გაემართა. იქ სწავლა არც მეტი, არც ნაკლები... ერთი დღე გაგრძელდა - სწორედ ეს ვადა დასჭირდა ბიზნესის სკოლიდან ლისაბონის უმაღლესი ფიზიკური განათლების ინსტიტუტში საბუთების გადატანას. მოგვიანებით "განსაკუთრებული" ასე ახსნის ამ დღის მნიშვნელობას: „ვფიქრობ, ის იყო ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი დღე. სწორედ მაშინ გადავწყვიტე, დედაჩემისთვის დამემტკიცებინა, რომ ფეხბურთით თავის რჩენას შევძლებდი". ჩვენის მხრივ, ამას მოურინიოს ცხოვრების რიგით მეორე მნიშვნელოვანი დღე დავარქვათ, პირველი ხომ დაახლოებით რვა წლით ადრე იყო, 15 წლის ასაკში, როცა მწვრთნელობა საბოლოოდ გადაწყვიტა. საინტერესოა დედამისის აზრიც: „სინამდვილეში, ჟოზე ჯერ მათემატიკოსად, მერე კი ბიზნესმენად წარმომედგინა და რა სასიხარულოა, რომ გადამარწმუნა. თავისი სიჯიუტით იპოვა საკუთარი თავი ამ ცხოვრებაში. ახლა მე უბრალოდ დედა კი არა, ბედნიერი დედა ვარ!" დიპლომის აღების შემდეგ ჟოზე „სეტუბალის" ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი გახდა, მერე კი „ეშტრელა ამადორას" მწვრთნელის თანაშემწე. თან ენდი როქსბურგის კურსებზე, შოტლანდიის ფეხბურთიის ასოციაციის ხელდასხმით რომ მიმდინარეობს, სწავლობდა. ზოგადად, მას არასოდეს ბეზრდება რისამე სწავლა - ეს კი, ვერაფერს იტყვი, ფასდაუდებელი თვისებაა... 1996 წელს მოურინიოებს უბედურება დაატყდათ თავს. გარდაიცვალა ჟოზეს და - ტერეზა. მათ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. მიუხედავად იმისა, რომ ძმის გატაცება ფეხბურთი იყო, დისა კი ცხენები და ცურვა, ჟოზე ყოველთვის უბამდა მხარს ტერეზას და ნებისმიერ ლაშქრობაში თან დაჰყვებოდა. ტერეზას გარდაცვალების ოფიციალური ვერსია დიაბეტია, მაგრამ სინამდვილეში კი ზედმეტი დოზით ან ნარკოინფექციით გარდაიცვალაო, ახმიანებენ. თავად მოურინიო არასოდეს ცდილა, ნათელი მოეფინა ამ ბნელი ისტორიისათვის: „საშინელი ტრაგედიაა ყველა ჩემიანისთვის. რაც მოხდა, მოხდა... ცხოვრებაში ცუდს კარგი მოჰყვება ხოლმე. მეც ზუსტად ასე დამემართა". ფილოსოფიური ოპტიმიზმი თუ ოპტიმისტური ფილოსოფიაა. მაგრამ საფუძვლიანი. მომდევნო თვეში მოუს ცოლმა ტამიმ მათი პირმშო, მატილდა გააჩინა, კიდევ ერთი თვის შემდეგ კი ბობი რობსონი მიიწვიეს „ბარსელონაში". დიდმა ინგლისელმა მოურინიო იხმო. რობსონის წყალობით, მოურინიომ ოთხი წლით ადრეც იშოვა სამუშაო - „პორტოში" და ეს სულაც არ იყო გამოწვეული მისი განსაკუთრებული სამწვრთნელო მონაცემებით. იგი რობსონთან სამუშაოდ მიიწვიეს როგორც... თარჯიმანი. ეს იმიტომ, რომ ბუნებით ნამდვილი პოლიგლოტია - იმხანად პორტუგალიურის გარდა ინგლისურსა და ესპანურს ფლობდა, მოგვიანებით იტალიური და გერმანულიც (ლექსიკონით) დაუმატა. რობსონი ძალიან მალე მიხვდა, თუ რა განძი ერგო საჩუქრად - მოუ იქცა ინგლისელი მაესტროსთვის შეუცვლელად, როცა საქმე მომავალი მეტოქის თამაშის დეტალურ გარჩევას ეხებოდა. მოგვიანებით, ავტობიოგრაფიულ წიგნში რობსონმა რამდენიმე აბზაცი მიუძღვნა ჟოზეს და ერთი რამ აღიარა კიდეც - ხანდახან მის ზურგს ვეფარებოდი, რადგან ადგილობრივ ფეხბურთელებთან კონფლიქტურ სიტუაციებს ჩემზე გაცილებით მარჯვედ აგვარებდაო... ბუნებრივია, ცალმხრივ დინებას ადგილი არ ჰქონია - ახალგაზრდა ჟოზე ძალიან ბევრს სწავლობდა მრავლისმნახველი, დიდი მწვრთნელისაგან. რობსონს ხომ ფეხბურთის ცოდნის გარდა კიდევ ორი უდიდესი სახასიათო შტრიხი გააჩნდა - დიდებულად ურთიერთობდა ადამიანებთან და ასევე დიდებულად შეეძლო საკუთარი აზრების გადმოცემა. სწორედ მასთან მუშაობისას დაინახა მოურინიომ, როგორ ხვდება სამწვრთნელო თეორია პრაქტიკას და როგორ გარდაისახება მასში. ადვილი მისახვედრი და გასააანალიზებელია, თუ რატომ წაიყვანა რობსონმა მოურინიო ჯერ „სპორტინგში", მერე კი „ბარსელონაში". „ვინ არის ეს სიმპათიური ბიჭუნა, ბაბუას წინ რომ დაკუნტრუშობს?" - იხუმრეს მაშინ კატალონიური გრანდის ოფისში, მაგრამ ორივე მხარემ კარგად იცოდა, რომ ტანდემი წარმატების გარანტი იქნებოდა. ასეც მოხდა: პორტუგალიის ჩემპიონის ორ წოდებას რობსონი-მოურინიოს დუეტმა ესპანეთის თასი (არსებობს პოსტერი, სადაც „ბარსას" მორიგი „დელ რეით" გახარებული მოურინიოა გამოსახული), თასთა თასი და „ლა ლიგას" ვერცხლი დაუმატა. ჩემპიონობა რობსონის ფორმაციის „ბარსას" რომანტიკოსობის გამო გაუსხლტაო, თქვეს მაშინ ესპანეთში - სხვას ვერაფერს დავარქმევთ სეგუნდაში დაქვეითებულ „ერკულესთან" ორ მარცხსო... პირველი? ფაბიო კაპელოს „რეალი" იყო. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანზე... ჟოზე სწორედ იმ დროს მიხვდა, რომ მწვრთნელი მხოლოდ მაშინ მიაღწევს წარმატებას, თუკი საკუთარ გზასა და ფილოსოფიას მიაგნებს. ვერასოდეს იქნება წარმატებული ის, ვინც ბრმად გადმოიღებს მასწავლებლის მაგალითს. საინტერესო რამეს აქვეყნებს „ბარსელონას" მაშინდელი ნახევარმცველი ოსკარ გარსია: „მე ცოტაოდენი ინგლისური ვიცი და მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ: მოურინიო რობსონის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით არ გვითარგმნიდა. ყოველთვის ამატებდა რაღაცას საკუთარს. და ყოველთვის მართალი გამოდგებოდა ხოლმე". და მაინც, ბავშვობის მეგობრის, ლუიშ ლოურენშოს დახმარებით დაწერილ ავტობიოგრაფიულ წიგნში მოურინიო ამბობს, რომ მხოლოდ რობსონის გავლენით გახდა იგი არა უბრალოდ მწვრთნელი, არამედ განსაკუთრებული მწვრთნელი. მიუხედავად უღრუბლო დასაწყისისა, მათ შორის უთანხმოება მაინც მოხდა. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ხალხმა გადაივიწყა ხუმრობა - ბაბუასა და შვილიშვილის შესახებ, მოგვიანებით კი „ოჯახური ტანდემი" დაიშალაო, თქვეს - „შვილიშვილი" გაიზარდა. თან ძალიან და ბუნებრივია, დამოუკიდებელ გზას დაადგა. რობსონი? თავდაპირველად იგი სერიოზულად არ აღიქვამდა მოურინიო-ფეხბურთის სპეციალისტს, მერე კი ეჭვმა მასაც დარია ხელი - ეს უფროსსა და თანაშემწეს შორის ურთიერთობის ბოლო გაჩერებაა...და მარადიული თავსატეხიც! მაგრამ რატომ მხოლოდ რობსონი. არ შეიძლება დავივიწყოთ შოთა არველაძისა და კიევის „დინამოს" დიდი მეგობარი ლუის ვან გაალი, რომელმაც „ბარსაში" მუშაობის დაწყებისას ჟოზეს დარჩენა სთხოვა. მოგვიანებით ენდი როქსბურგი იტყვის: „ბობი (რობსონი) და ლუი (ვან გაალი) იქცნენ მოურინიოსთვის იდეალურ უნივერსიტეტებად, თუმცა ნამდვილ განათლებას მაინც „ფრონტის ხაზი" იძლევა და აი, სწორედ აქ აჯობა ჟოზემ მასწავლებლებს!" ჩვენის მხრივ, დავამატოთ, რომ ბევრ სხვასთან ერთად, ქართული ფეხბურთის ამაგდარ როქსბურგს, როგორც თავმდაბალ ადამიანს, არაფერი უთქვამს ჟოზეს ჩამოყალიბებაში საკუთარ წვლილზე. და ისევ მოურინიო" ვან გაალთან მუშაობისას მივხვდი, რომ დამოუკიდებლად მუშაობა შემეძლო, თანაც არანაკლები წარმატებით!" - ვერაფერს იტყვი, რიგით მესამე უმნიშვნელოვანესი მომენტია პორტუგალიელის ცხოვრებაში და გარდა ამისა, ეს ფრაზა სხვა მხრივაც აღსანიშნავია, სწორედ აქ გამოჩნდა პირველად განსაკუთრებული მთელი თავისი ენამჭევრობით (რისთვისაც მასზე გულმოსულები ტრაბახას, ყიამყრალს ან ხოლო მომხრეები - საკუთარ თავში დარწმუნებულ ძლიერ კაცს ეძახიან). და იქვე: „რობსონი და ვან გაალი თითქოსდა განგებ ასხამდნენ ხორცს ფეხბურთის ორ, აბსოლუტურად საწინააღმდეგო სახეს სამწვრთნელო მუშაობისა. პირველი მთლიანად მინდორზე იყო - სულითაც და სხეულითაც, შრომობდა მხოლოდ აღმაფრენასა და შეტევაზე და მასთან მუშაობის მთელი დროის განმავლობაში, სამიოდეჯერ თუ მანდო ვარჯიშის ჩატარება. მეორე - მეთოდურია, ყველაფერი წინასწარ გაწერილი აქვს, ვარჯიშები მხოლოდ პროგრამულად მიმდინარეობს - განსაკუთრებული პრაგმატულობით და თავიდან ბოლომდე. მასთან მუშაობის პერიოდში ვარჯიშებს მე უფრო ხშირად ვატარებდი - პროგრამისა და მეთოდიკის გამო, მთავარი მწვრთნელის დასწრება მაინც და მაინც არც იყო საჭირო." სამწუხაროდ, მოურინიო არ იხსნება ბოლომდე და არ ამბობს, რა დასკვნა გამოიტანა ამ ორი მიმართულებიდან, მაგრამ თუკი მისეული სტილითა და მანერით ვიმსჯელებთ, სადღაც შუალედი დაიჭირა - ორივესგან გადაიღო მისთვის საჭირო რაღაცები. ასეთია: სწავლა ყველასგან შეუძლია. რობსონისგანაც, ვან გაალისგანაც, ენდი როქსბურგისგანაც, მანუელ ფერნანდეშისგანაც („ეშტრელა ამადორაში" რომ ეხმარებოდა), მამისგან... მოკლედ, ყველასგან. 2000 წელს უმუშევრად იქცა. ადგა და მამისეულ სოფელს, ფერაგუდოს მიაშურა. ისვენებდა როგორც პენსიონერი. პირველყოფილ სიმშვიდესა და სიწყნარეში. მას უყვარდა და უყვარს იქ ყოფნა - პროვინცია ალგარვეში, საკურორტო ქალაქ პორტიმაოს სიახლოვეს - „იქ ხლაფორთი და საზრუნავი ქრება" - ამბობს თავად. მაგრამ ტელეფონის ხაზი იქაცაა და სწორედ ფერაგუდოში დაურეკა რობსონმა - მოდი „ნიუკასლში", თანაშემწე იქნები". „სავარაუდოდ, მან იგრძნო, რომ უარის თქმას ვაპირებდი და ეგრევე გააგრძელა: მხოლოდ ერთი წლით... მერე მე სპორტულ დირექტორად გადავალ, შენ კი მთავარი მწვრთნელი გახდები. გამიკვირდა. ბობი რობსონი და კაბინეტი... ბობი რობსონი და სავარჯიშო პროცესში არ ჩაერევა? მოკლედ, უარი ვუთხარი. მარტო ეჭვის გამო არა - მე ვგრძნობდი! მე ვიცოდი! მე მწამდა! - ჩემი დროც დადგებოდა..." - აი, ასეთი იყო - ჯერაც უცნობი და სხვებზე დამოკიდებული (თუ ჩამოკიდებული?!) ჟოზე... აუსრულდა მოლოდინი. მოურინიოს პირველ კლუბად სახელგანთქმული „ბენფიკა" იქცა. მის პირველ პრესკონფერენციას დღემდე სიცილით იხსენებენ - როგორც კი ბოლო კითხვას უპასუხა, ღრმად ამოისუნთქა, მუშტი ხმაურით დაუშვა მაგიდაზე და „ახლა კი სამუშაო", წამოიძახაო... მუსიკამ დიდხანს არ დაუკრა - რამდენიმე თვის შემდეგ, მოურინიომ ხელფასის მომატება მოითხოვა. ჟოზე კაპრისტანო, „ბენფიკას" ვიცე-პრეზიდენტი – „ის მწვრთნელადაა დაბადებული. 24 საათი ფიქრობს. ცხოვრებაში მსგავსი არავინ და არაფერი მინახავს." - მაშინ მოურინიო 37 წლისა იყო და ჯერაც არაფერი მოეგო დამოუკიდებლად. რასაკვირველია, პირველ რიგში ამის, მერე კი ფულის გამო დირექტორთა საბჭომ პრეტენზიულ მწვრთნელს კარისკენ მიუთითა. არ შეიძლება ასეთი ადამიანები არ მოგწონდეს. მათ იმდენად სჯერათ საკუთარი თავისა, რომ პრინციპისა და კომპრომისზე წაუსვლელობის გულისთვის მთელი ცხოვრებით, ყველაფრით რისკავენ. ან ყველაფერი, ან არაფერი. საქმე სწორსა და არასწორში არ არის, საქმე გამბედაობაშია. ადგა და ლეირიაში წავიდა - „უნიაოში"... შედეგი? იქ მანამდე რომ არც დასიზმრებიათ: მეხუთე ადგილი და უეფას საგზური. მანამდე პორტუგალია დიდი მწვრთნელებით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდა. 60-იანი წლების ლეგენდარულ „ბენფიკას" უნგრელი ებრაელი ბელა გუტმანი წვრთნიდა, ევროპის ჩემპიონთა თასზე გამარჯვებამდე 1987 წელს „პორტუ" არტურ ჟორჟემ კი მიიყვანა, მაგრამ მას მერე სერიოზული „უძრაობის ხანა" ედგა და უდგას. შესაბამისად, „ლეირიაში" მოურინიოს „გმირობა" შეამჩნიეს და გამოჩნდა ახალი გზა - გზა სამთაგან ერთ-ერთ გრანდში ("პორტუ", „ბენფიკა", „სპორტინგი"), გზა, რომელსაც წარმატებული მწვრთნელი მხოლოდ ერთი მიმართულებით - ზევით, კვარცხლბეკისაკენ მიჰყავს. „ბენფიკა"? დაივიწყეთ - იქედან წამოსვლის შემდეგ, ჟოზე ფიქრშიც კი არ უშვებდა დაბრუნებას, „სპორტინგში" ყველაფერი სტაბილურად მიმდინარეობდა, აი, „პორტუ" კი წვალობდა მაშინ... ჰოდა, გარიგება შედგა - ოცდამეცხრამეტე დაბადების დღემდე ცოტა ხნით ადრე მოურინიო პორტვეინის სამშობლოში ჩავიდა. სწორედ აქ დაძრა მან თავისი ყველგანმავალი თუ ყინულმჭრელი... (პირველი ნაწილის დასასრული)
|