დღეს დილით იტალიურმა გამოცემამ "Football Italia” გაავრცელა ინფორმაცია, რომ მილანის "ინტერის” მფლობელი მასიმო მორატი გუნდის მთავარ მწვრთნელ კლაუდიო რანიერის ბოლომდე ენდობა დაა მის გათავისუფლებას არ აპირებს.
"კლაუდიო ამჟამად მეტად რთულ ვითარებაში იმყოფება. ყოველდღიურადE ვრცელდება ცნობები რომ მას სამსახურიდან დავითხოვთ. სახელდება იმ სპეციალისტების ვინაობაც რომლებიც უახლოეს მომავალში "ინტერს” ჩაიბარებენ. კლაუდიოს დიდი წნეხის პირობებში უწევს მუშაობა. ძნელია დილაობით გაზეთი გადაშალო და შენს შესახებ დაწერილი არაერთი უსიამოვნო ცნობა წაიკითხო.
მერწმუნეთ, მიმდინარე სეზონის დასრულებამდე რანიერის არავინ შეეხება. კლაუდიო პროფესიონალია და თავად იცის გუნდი კრიზისული მდგომარეობიდან როგორ გამოიყვანოს. მომავალ კვირაში ფრანგულ "მარსელთან” გადამწყვეტი შეხვედრა გველის. სტუმრად ერთი ბურთის სხვაობით დავმარცხდით. იმედი მაქვს, რომ "სან სიროზე” სასურველი ანგარიშით მოვიგებთ და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ვიასპარეზებთ. ამ სიტუაციაში "ინტერის” მწვრთნელს გვერდში დგომა და გამხნევება სჭირდება.” – განაცხადა მასიმო მორატიმ.
იტალიელი სპორტული ჟურნალისტების მტკიცებით, კლაუდიო რანიერის "მარსელთან” შეხვედრამდე აქვს ნდობა გამოცხადებული. ამ მატჩში უარყოფითი შედეგის დაფიქსირების შემთხვევაში, სენიორ მასიმო მწვრთნელს დაუყოვნებლივ კარისკენ მიუთითებს. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ "ინტერის” ხელმძღვანელობა ანდრეს ვილაშ-ბოაშთან და ლორან ბლანთან მოლაპარაკებას აწარმოებს.
|