ჯიჯი სიმონი, მირჩა ლუჩესკუ, ლუჩანო კასტენილი, როი ჰოჯსონი - აი, იმ ფანტასტიკური მწვრთნელების ჩამონათვალი, რომლებიც 1998/99 წლების სეზონში "ინტერის" სათადარიგოთა სკამზე რიგრიგობით იტანჯებოდნენ. "ნერაძურიმ" იმ სეზონში საბოლოოდ მერვე ადგილი დაიკავა, რაც მაშინ იმას ნიშნავდა, რომ "ინტერი" 12 წლის შემდეგ პირველად დარჩა ევროტურნირებს მიღმა. მილანურ გრანდს წელსაც ევროპული ვაკუუმის საფრთხე ემუქრება - მართალია, ამ სეზონში ამისათვის (ჯერჯერობით) მხოლოდ ორი მწვრთნელი იკმარა, მაგრამ ესეც საქმეა.
გარდა იმისა, რომ "ატალანტასთან" 0:0 (თანაც საკუთარ მოედანზე), რბილად რომ ვთქვათ, მორიგი ცუდი შედეგია, რომელსაც კლუბის პატრონი მასიმო მორატი ჯერ კიდევ შესვენებისას გაექცა, ყურადღების ცენტრში ამჯერად დიეგო ფორლანი მოექცა. "ინტერის" ტანჯულმა თავკაცმა კლაუდიო რანიერიმ 65-ე წუთზე გადაწყვიტა, ურუგვაელი თავდამსხმელი მარცხენა ფლანგზე გადაეწია, ფორლანმა კი გაბედა და რანიერის უთხრა, მირჩევნია, სადაც ვარ, იქ დამტოვო, თუნდაც უკან დამხიო, ოღონდ ცენტრში მათამაშო, ფლანგზე თამაში არ მიყვარსო. რანიერის რეაქცია შესაბამისი გახლდათ: მან ურუგვაელი მოედნიდან საერთოდ გაიყვანა და მის ნაცვლად 20 წლის დავიდე ფარაონი შეუშვა - ამ უკანასკნელმა ოღონდ ითამაშოს და ნებისმიერ პოზიციაზე დადგება.
"დიეგო გულახდილი ბიჭია და ლოიალურადაც მოიქცა, - რაც უნდა გასაკვირი იყოს, ასეთი გახლდათ რანიერის კომენტარი ფორლანის საქციელზე. გულახდილობა გასაგებია, მაგრამ ლოიალურობა? თამამად ვიტყვით, ეს ამბავი დღევანდელი "ინტერის" სარკეა. რანიერის ადგილზე ჯოვანი ტრაპატონი რომ ყოფილიყო, უკვე ვიცით, რა პასუხიც ექნებოდა ფორლანის საქციელზე. მატჩის შემდეგ ჩვენი იტალიელი კოლეგები ამ თემაზე საუბარს რომ ამთავრებდნენ, მაყურებლებს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ ფორლანს "ინტერში" სამუელ ეტო’ო უნდა შეეცვალა. ერთ-ერთმა ენამახვილმა ექსპერტმა კი მაშინვე გაიხსენა ის, რომ ეტო’ოს ჟოზე მოურინიოს ხელში მარჯვენა მცველის ფუნქციებიც არაერთხელ შეუსრულებია.
ფაქტია, რომ ეს სეზონი "ინტერისთვის" უკვე ჩაგდებულია, ფორლანს კი, მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტი 2013 წლამდე აქვს გაფორმებული, ზაფხულში ურუგვაიში გადაბარგების უფლება დართეს. ცხადია, დიეგოს სამშობლოში ბევრი სირბილი არ მოუწევს და პოზიციასაც ყოველთვის თვითონ შეირჩევს.
xumroba xomaraaaaaaaa33 clisa ukve ra dros forlainia magan ukve itamasha bo msoflioze da vso ukve es pataloki iko daberada gaiget xalxoooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooo,bebrebis skolaa ukve interiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiii,fulis daxarjva ar unda am prochebs kai fexburtels ise ver iyidi kapikebshi
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]