ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები
ბუფონი (იუვენტუსი) - კამპანიარო (ნაპოლი), ბარცალი (იუვენტუსი), კიელინი (იუვენტუსი), არმერო (უდინეზე) - პირლო (იუვენტუსი), ვიდალი (იუვენტუსი), ნოჩერინო (მილანი) - დი ნატალე (უდინეზე), იბრაჰიმოვიჩი (მილანი), მილიტო (ინტერი). მეკარე და დაცვა ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში "იუვენტუსის" ფეხბურთელები ჭარბობენ და ეს არცაა გასაკვირი, რადგან ტურინული გრანდი ჩემპიონი გახდა.
თანაც, ჩემპიონობაცაა და ჩემპიონობაც - ანტონიო კონტეს შეგირდებმა 38 მატჩი ისე გამართეს, რომ მარცხი არ უგემიათ. მოკლედ, ტურინელებზე ყველაფერი ალალია, მათ შორის - სიმბოლური ნაკრებიც.
მეკარე და ცენტრალური მცველები რომ "იუვენტინოები" არიან, ეს ყველაზე უფრო ლოგიკურია - "ვეკია სენიორამ" მთელ ჩემპიონატში მხოლოდ 20 გოლი გაუშვა და პირველ რიგში, ეს სწორედ ჯიჯი ბუფონის, ანდრეა ბარცალის და ჯორჯო კიელინის დამსახურებაა.
დაცვის მარჯვენა ფრთაზე უგო კამპანიარო უნდა გამოვარჩიოთ, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში საიმედო იყო და სტატისტიკის მიხედვით, ძირითადად იმ შეხვედრებში აგებდა ნეაპოლური გუნდი, როდესაც მოედანზე არგენტინელი უკანახაზელი არ იყო.
ამ მაჩვენებლით, კამპანიარომ თანამემამულე ესეკიელ ლავეცისაც კი აჯობა. მარცხენა ფრთაზე უდინელი პაბლო არმეროა საუკეთესო, რომელმაც შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და დიდი წვლილი შეიტანა "უდინეზეს" წარმატებაში.
შემთხვევითი არაა, რომ კოლუმბიელ მცველზე ევროპული ფეხბურთის გრანდებს ნადირობა აქვთ გამოცხადებული.
ნახევარდაცვა ნახევარდაცვაში ისეთ სამეულს ვხედავთ, საკამათო რომ არ დარჩება არაფერი... ანდრეა პირლომ საოცარი სეზონი ჩაატარა, "იუვენტუსში" ახლიდან გაიხსნა და კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელია.
ძალიან ნაყოფიერი იყო არტურო ვიდალიც - 33 შეხვედრა ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა, რაც ნახევარმცველისთვის ნამდვილად შესანიშნავი შედეგია. იგივე შეიძლება ითქვას ანტონიო ნოჩერინოზე, რომელმაც 35 შეხვედრა გამართა "მილანის" შემადგენლობაში და 10 გოლი გაიტანა - ცნობისთვის, ნოჩერინოზე მეტი გოლი "როსონერიში" მხოლოდ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შეაგდო.
თავდასხმა თავდასხმაზე ბევრი არაფერია სათქმელი, რადგან რიცხვები ყველაფერზე ნათლად მეტყველებს - ზლატან იბრაჰიმოვიჩმა 28 გოლი გაიტანა, ბომბარდირი გახდა და ბუნებრივია, რომ სიმბოლურ ნაკრებში მას ადგილი გარანტირებული აქვს.
აქვეა ანტონიო დი ნატალე, რომელმაც კიდევ ერთხელ მოუტანა "უდინეზეს" ჩემპიონთა ლიგის საგზური და უკან ისეთი გუნდები მოიტოვა, როგორებიც "ლაციო", "ინტერი", "ნაპოლი" და "რომა" არიან.
რაც შეეხება დიეგო მილიტოს, მას მეორე ახალგაზრდობა გაეხსნა და, ფაქტობრივად, მარტო იბრძოდა "ინტერის" პრესტიჟისთვის; შედეგად, მასაც ხვდა პატივი, შესულიყო ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში.
|