რა თქმა უნდა, დღის და მთლიანად ტურის მთავარი მოვლენები მილანში და ტრიესტაში მიმდინარეობდა: მილანურ დერბიში ერთმანეთს ”ინტერი’’ და ”მილანი’’ დაუპირისპირდნენ, პარალელურად კი ”კალიარი” ”იუვენტუსს’’ მასპინძლობდა.
დერბი დე ლა მადონინა თავიდანვე საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო და მე-14 წუთზე ფეხბურთის დაუწერელი კანონი ”ვერ გაიტან, გაგიტანენ” ამოქმედდა: მე-11 წუთზე ზლატან იბრაჰომივჩმა რობინიოს ჩაწოდების შემდეგ ასპროცენტიანი შანსი გაუშვა ხელიდან, სამიოდე წუთში კი ”როსონერის’’ მცველებს მაიკონი გაეპარათ, ამით კი დიეგო მილიტომ ისარგებლა და ანგარიში გახსნა — 1:0.
32-ე წუთზე ესტებან კამბიასოს თავურის შემდეგ კრისტიან აბიატიმ შესაშური რეაქცია გამოავლინა, უნებელყვო ეს დარტყმა, თუმცა ”ნერაძურის” მოთამაშეები მიიჩნევდნენ, რომ ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა. რამოდენიმე წუთის შემდეგ იბრაჰიმოვიჩი კვლავ გავიდა ხელსაყრელ პოზიციაზე გასატანად, თუმცა შვედს დუელი ჟულიო სეზარმა მოუგო.
42-ე წუთზე კი კევინ-პრინც ბოატენგის წაქცევისთვის სეზარმა ყვითელი ბარათი დაიმსახურა, ”ინტერის’’ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც, როგორც განმეროებაზე გამოჩნდა, არ იყო, თუმცა იბრაჰიმოვიჩმა ჩვეული, ყუმბარისებული დარტყმით წონასწორობა აღადგინა — 1:1.
მეორე ტაიმის პირველივე წუთზე იბრაჰიმოვიჩმა თავისი გუნდი წინ გაიყვანა: აყლაყუდა ბალკანელმა ფორვარდმა ბოატენგის გადაცემა შეირგო, შესანიშნავად მოატყუა მცველი და ბრწყინვალე სტილში გადაუგდო თავზე ბურთი სეზარს — 2:1.
51-ე წუთზე კი უკვე მასიმილიანო ალეგრის გუნდის კარში დაინიშნა თერთმეტმეტრიანი, რომელიც წინა მომენტისგან განსხვავებით, აშკარად იყო, რადგან იგნასიო აბატე ზურგზე იყო შემოჯდომილი მილიტოზე, ეს პროცედურა კი თავად დაზარალებულმა აქცია გოლად — ტრავმირებული კრისტიან აბიატის ნაცვლად გამოსული მარკო ამელია უშანსოდ იყო.
80-ე წუთზე კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა ”მილანის” კარში, ისევ მილიტოს დარტყმა და ისევ გოლი — 3:2. 87-ე წუთზე კი დუგლას მაიკონმა ბრწყინვალე დარტყმით 4:2 გახადა ანგარიში და ”როსონერის” საჩემპიონო იმედებს ბოლო მოუღო.