იტალიის ნაკრების საწვრთნელი შეკრება კიდევ ორმა ფეხბურთელმა დატოვა და საბოლოოდ მივიღეთ ის 23-კაციანი შემადგენლობა, რომელსაც ჩეზარე პრანდელი უკრაინა-პოლონეთში იახლებს.
29 მაისს ვივარაუდეთ, რომ განაცხადს მიღმა მატია დესტრო და ანჯელო ოგბონა დარჩებოდნენ - პრანდელიმ ნაწილობრივ დაგვიჯერა - დესტრო ოფსაიდში დატოვა; აი, ოგბონა კი პირიქით, დაიტოვა და მის ნაცვლად სახლში ანდრეა რანოკია გაუშვა. გადაწყვეტილება სენიორ ჩეზარემ ასე დაასაბუთა:
"დესტროს დიდი ხანია ვაკვირდები, ძალიან კარგი ფორვარდია, მაგრამ უფრო მომავალია, ვიდრე აწმყო.
ვფიქრობ, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ის იტალიის ნაკრების ერთ-ერთი მთავარი დამრტყმელი ძალა იქნება. დღეს კი უმჯობესია, რომ ადგილი სხვებს დაუთმოს. მატიას პირადად ვესაუბრე და მიხარია, რომ ჩემს გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდა. პირიქით, მადლობა გადამიხადა და მითხრა, რომ გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვედრაც მისთვის დიდი პატივი იყო.
ასეთი მიდგომით ის იოლად გაიკაფავს გზას წარმატებისკენ და აგერ, ნახავთ, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად ჩამოყალიბდება. რაც შეეხება ანდრეა რანოკიას, მისი ტალანტის დიდი დამფასებელი ვარ, მაგრამ სამწუხაროდ, სათამაშო პრაქტიკის უქონლობამ დათვური სამსახური გაუწია. "ინტერში" იშვიათად უწევდა თამაში და ეს მის ფიზიკურ კონდიციაზე უარყოფითად აისახა".
ვერ დავიჩემებთ, რომ დესტროსა და რანოკიას დაწუნებამ იტალიაში დიდი რეზონანსი გამოიწვია - აპენინებზე ამ ორი ფეხბურთელის ისედაც ნაკლებად ეიმედებოდათ...
მაგრამ ეიმედებათ კი იმათი, ვინც მოხვდა 23-კაციან განაცხადში და ვინც უკრაინა-პოლონეთში ქვეყნის ღირსება უნდა დაიცვას? - ამაზე დღეს ვრცლად საუბარი ნამდვილად გაგვიჭირდება. თავად მოთამაშეები კი თავს დებენ, არავის არაფერს დავუთმობთ და ევროფორუმზე წარმატებით ვიასპარეზებთო. სულ ბოლოს "აძურას" რამდენიმე ფეხბურთელსაც მოვუსმინოთ...
|