მთავარი » 2012»მაისი»16 » ესეკიელ ლავესი: “ფეხბურთი ცხოვრების უკეთ მოსაწყობად მჭირდება”
16:40
ესეკიელ ლავესი: “ფეხბურთი ცხოვრების უკეთ მოსაწყობად მჭირდება”
პოპულარულმა იტალიურმა გამოცემა La Gazzetta dello Sport-მა საინტერესო ინტერვიუ ჩამოართვა "ნაპოლის” არგენტინელ ფორვარდს ესეკიელ ლავესის. ჟურნალისტისა და ფორვარდის დიალოგს ჩვენი ვებგვერდის მკითხველსაც ვთავაზობთ.
- ნეაპოლში 5 წლის წინათ ჩამოხვედით, თუმცა, ‘ნაპოლის” გულშემატკივრებმა თქვენი პირადი ცხოვრების თაობაზე არცთუ ბევრი რამ იციან. იქნებ მოუყვეთ მათ, მაგალითად, როგორი ბავშვი იყავით? - ბურთის გარდა სხვა სათამაშო არ მქონია. გითხრათ მართალი, სურვილიც არ მქონდა სხვა საგნებით გამერთო თავი, ბურთი სავსებით მაკმაყოფილებდა. მთელი დღის განმავლობაში ქუჩაში, მიწისსაფარიან მინდორზე ვთამაშობდი. ახლანდელი მოზარდი თაობა ბურთის ლაღად გორების შესაძლებლობას მოკლებულია – მათ ქალაქებში სათამაშო ადგილები პრაქტიკულად არ დაუტოვეს. სამაგიეროდ, ჩვენგან განსხვავებით, თანამედროვე მოზარდები უფრო სწრაფად ხდებიან ჩამოყალიბებული ადამიანები, თუმცა, ამას ერთი მინუსიც თან სდევს – მათ ხშირად ავიწყდებათ, რას ნიშნავს ბავშვობა. - როგორი ჩაგებეჭდათ გონებაში თქვენი მშობლიური ქალაქი ვილა გობერნადორ გალვესი? - ეს დასახლებული პუნქტი როსარიოს გარეუბანია, 50 ათასიანი მოსახლით. იქ ბრწყინვალე ადამიანები ცხოვრობენ. ისინი, რომლებიც ცოტაოდენ ფულს იშოვიან, როსარიოში გადადიან. - საქველმოქმედო ფონდი Niños del Sur (სამხრეთის ბავშვები) დააარსეთ, რომელიც თქვენი მშობლიური ქალაქის ხელმოკლე ოჯახების მოზარდებს მატერიალურად ეხმარება... - ამ ფონდის საქმიანობას ჩემი ძმა უძღვება. მე მას მხოლოდ ვაფინანსებ და პერიოდულად ვინტერესდები გაწეული სამუშაოთი. დაახლოებით 40 ბავშვს ვუწევთ დახმარებას. ისინი უკიდურესად გაჭირვებულ გარემოში ცხოვრობდნენ, ოჯახის წევრებისგან ძალადობის მსხვერპლი იყვნენ ან ადრეული ასაკის მიუხედავად, ნარკოტიკებს მოიხმარდნენ. ჩვენი ფონდის მეშვეობით ისინი სწავლობენ, ფსიქოლოგიურ დახმარებას იღებენ და სპორტის მათთვის სასურველ სახეობაშიც ვარჯიშობენ. - როგორ ოჯახში იზრდებოდით? - 2 წლისა გახლდით, როდესაც დედ-მამა ერთმანეთს გაშორდნენ. დედა დილიდან ღამემდე შინ არ იყო. იგი მდიდართა ოჯახებში დამლაგელად მუშაობდა. ჩემი აღმზრდელები უფროსი ძმა და და იყვნენ. როდესაც 16 წლისა გავხდი, ბიუროკრატიული პრობლემების გამო, იტალიაში გამგზავრებაზე უარი მითხრეს და ფეხბურთის თავის დანებებაც გადავწყვიტე. ჩემი ძმა ელექტრიკოსია და მას ვეხმარებოდი. - მშობლების დაშორება ძლიერ განიცადეთ? - ადრეულ ასაკში განვიცდიდი, მაგრამ როდესაც წამოვიზარდე, მივხვდი, რომ ისინი საერთო ენას ვერ პოულობდნენ და სწორადაც მოიქცნენ, სხვადასხვა გზით რომ წავიდნენ. იგივე მოხდა ჩემსა და ჩემი ვაჟის ტომასის დედას შორის. ტომასიც განიცდის ჩვენ დაშორებას, მაგრამ თანდათან ხვდება, რომ მისი დედ-მამის თანაცხოვრება შეუძლებელია. - მამათქვენი თუ ჩამოდის ნეაპოლში მატჩებზე დასასწრებად? - არასდროს. მას ჩემი ერთი შეხვედრაც არ უნახავს. მამას სხვა ოჯახი ჰყავს. მეორე მეუღლესთან ბავშვიც გააჩინა და ჩვენგან დამოუკიდებელი, სხვა ცხოვრებაშია ჩაფლული. ამის მიუხედავად, მამასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. - ესეკიელ ლავესის საფეხბურთო ტალანტი ვინ აღმოაჩინა? - აღმოსაჩენიც არაფერი იყო. თანატოლებში იმდენად გამოვირჩეოდი, ამის შემჩნევა იოლი გახლდათ. - როდის მიხვდით, პროფესიონალ ფეხბურთელად რომ ჩამოყალიბდით? - 2003-04 წლების სეზონი "ესტუდიანტესში” გავატარე, ზაფხულში კი "ჯენოამ” გადამიბირა. გენუელებთან ფეხი ვერ მოვიკიდე და სამშობლოში მალევე დავბრუნდი, თუმცა, დარწმუნებული გახლდით, რომ ფეხბურთის მეშვეობით თავსაც შევინახავდი და ოჯახსაც. - ბევრი გიკლიათ, ლეო მესის დონეზე რომ ათამაშდეთ? - მესის თავისი სათამაშო მახასიათებლები აქვს, მე – ჩემი. არასდროს მოცდია, რომელიმე ფეხბურთელისთვის მიმებაძა. სპორტის ამ სახეობაში გამოსვლისას არასდროს მიცდია დიდების მოხვეჭა. ჩემი მიზანი საფეხბურთო ოსტატობის და პიროვნული ზრდაა. - თვლით, რომ ორივეს ახერხებთ? - იტალიაში გატარებულმა ხუთმა წელიწადმა ბევრი რამ შემძინა და მასწავლა. ინტელექტუალური ასპექტითაც გავიზარდე. ჩემი მიზანი არაა მხოლოდ დიდძალი ფულის დაგროვება, სოციალურ კიბეზე სულ უფრო ზევით ასვლის სურვილი მაქვს. ჩემთვის ფეხბურთი უმთავრესი არაა. ის იმისთვის მჭირდება, ცხოვრება უკეთ რომ მოვიწყო. - როგორ თვლით, ინტელექტუალური თვალსაზრისით გაიზარდეთ? - გამოგიტყდებით, ლიტერატურა და ხელოვნება დიდად არ მიტაცებს. თუმცა, ძალიან მიყვარს მოგზაურობა, სხვადასხვა მენტალობის ადამიანების გაცნობა. მათთან ურთიერთობა ბევრს მძენს. - მოგზაურობისას ბევრ ქალაქს მოინახულებდით. ყველაზე მეტად რომელმა მათგანმა მოგხიბლათ? - პარიზი წარმოუდგენლად ლამაზია. ბარსელონასა და ნეაპოლსაც გამოვარჩევდი, მაგრამ ფეხბურთელებს ქალაქების დასათვალიერებლად დიდი დრო არ გვაქვს ხოლმე, ამიტომ სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ პლანეტის ულამაზეს ქალაქებს უფრო საფუძვლიანად გავეცნობი. - რა ადგილი უკავია თქვენ ცხოვრებაში ვაჟ ტომასს? - ძალიან მინდა, იგი მუდმივად ჩემ გვერდით იყოს, მაგრამ კონტრაქტის მიხედვით, წლის განმავლობაში მხოლოდ სამჯერ შემიძლია იგი ჩემთან ვაცხოვრო. მაისში ტომასი 7 წლისა გახდა და დაბადების დღე ჩემთან ერთად, ნეაპოლში იზეიმა. იგი 10 დღით მსტუმრობდა. ტომასი დედასთან ერთად არგენტინაში ცხოვრობს და როდესაც სამშობლოში ჩავდივარ, მისი მონახულების საშუალება კიდევ ერთხელ მეძლევა. - როდესაც ტომასი ნეაპოლშია, რითი ერთობით? - მთელი დღე ფეხბურთს ვთამაშობთ. - რას ნიშნავს თქვენთვის დიეგო არმანდო მარადონა? - იმას, რასაც ნებისმიერი არგენტინელისთვის – მარადონა საყოველთაო კერპია. - მზად ხართ "ალბისელესტეში” მისი 10 ნომრიანი მაისურის სატარებლად? - არა, რადგანაც ძალიან მომწონს ჩემი, 22 ნომერი. მსურს დამიმახსოვრონ როგორც ესეკიელ ლავესი და არა, როგორც მარადონას მემკვიდრე.