რომში იტალიური სპორტული მედია-კავშირის მიერ დაწესებული პრემიის მისაღებად ჩასულ "ინტერის" ახალგაზრდა დამრიგებელ ანდრეა სტრამაჩიონის დამსწრე რეპორტიორებისთვის ინტერვიუ მოვალეობის მოხდის მიზნით საულაც არ მიუცია. პირიქით, საუბრის დროს იშვიათი გულსწრფელობა გამოიჩინა.
- მოდით, საუბარს ჟოზე მაურინიოთი დავიწყებ. როცა "ინტერის" დროებითი მწვრთნელობის პატივი მერგო, მან მოკლე ტექსტური შეტყობინება გამომიგზავნა და მითხრა, თუ რაიმეში დაგჭირდები,ჩემთან დაკონტაქტება არ მოგერიდოსო. "განსაკუთრებულის" მოცემული რჩევები ძალიან დამეხმარა.
- მოურინიოს გარდა რომელი მწვრთნელი მოგწონს?
- ლუჩანო სპალეტის ფორმაციის "რომას" თამაშის ყურება ჩემთვის ერთი სიამოვნება იყო. ვმეგობრობ ვინჩენცო მონტელასთან და მიუხედავად იმისა, რომ თანატოლები ვართ, მისთვის რჩევების კითხვა არ მეთაკილება.
- რას ნიშნავს თქვენთვის "ინტერის" მწვრთნელობა?
- ჯერ იმას მოვყვები მასიმო მორატის ნდობა როგორ დავიმსახურე. საადვოკატო კანტორაში ვიყავი, როცა მან დამირეკა და დამიბარა. მორატის კაბინეტში დაახლოებით ორი საათი ვისაუბრეთ და ამ აუდიენციის დასრულებისთანავე,პრეზიდენტი დარწმუნებული იყო რომ ნერიაძურის მესაჭეობა შემეძლო. ასი წელი რომ მემუშავა პრიმავერაში, იმდენს ვერ ვისწავლიდი, რამდენიც "ინტერის" მთავარ გუნდში გამართული 9 თამაშის შემდეგ ვისწავლე. ბოლო ტურის დასრულების შემდეგ "ლაციოს" დამრიგებელ ედუარდო რეიასთან მივედი და ვუთხარი, რომ გამარჯვება მისი დამსახურება იყო, თუმცა მგონი ჩემი ნათქვამი ვერ გაიგო, რადგან ლაინსმენებთან გაუთავებელი კამათით იყო დაკავებული (იცინის).
- ახალი სეზონის წინ ხომ არ ნერვიულობთ?
- თითოეული ფეხბურთელი სერია A-ს დაწყებას დიდი ენთიზიაზმით დაელოდება. მე კი მართალია მწვრთნელობისთვის ძალიან ახალგაზრდა ვარ ,მაგრამ სხვების მოსასმენად და ახალი რაღაცეების სასწავლებლად ყოველთვის მზად ვიქნები. ცოტა ხანში ხელმძღვანელობას შევხდები და წინასასეზონი მზადებას დავგეგმავთ. ახლა "ინტერში" სამწვრთნელო შტაბი ზუსტად იმ სპეციალისტებითაა დაკომპლექტებული, რომლებითაც მოურინიოს დროს იყო, ეს ყველაფერი კი წარმატების საწინდარი უნდა გახდეს. არაფრის არ მეშინია, რადგან ჩემს გვერდში რობერტო სამადენი,პიერო აუსილიო და "მითიური სკაუტი" პიერლუჯი კაზირაგი დგანან.
- ახალ სეზონში როგორი ტაქტიკით აპირებთ თამაშს?
- ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ჩემს გემოვნებაში ყველაზე მეტად 4-3-3 სათამაშო სქემა ჯდება. რაღაც ტაქტიკაზე მწვრთნელი არ უნდა ჩაიციკლოს და დოგმა არ უნდა გაიხადოს თორემ წარმატებას ვერ მიაღწევს. გარემოებებისა და არსებული რესურსის გათვალისწინებით გადავწყვეტ, როდის როგორ ვითამაშო. თუ სნეიდერი გეყოლება ისეთი ტაქტიკა უნდა მოიფიქრო, სადაც სპეციფიური ჰოლანდიელი ნახევარმცველი იდეალურად ჩაჯდება.
- გუნდში თქვენს მიერ ჩატარებული პირველი ვარჯიში გაიხსენეთ...
- როცა "აპიანო ჯენტილეზე" შევაბიჯე და მაიკონი, სნეიდერი,ჟულიო სეზარი, პაცინი და მილიტო დავინახე, უცბად ძალიან შემეშინდა და გავიფიქრე, "მამა მია" , ასეთ მრავლისმნახველ ფეხბურთელებს მე რა უნდა ვასწავლო-თქო. ასეც მოხდა, მათთვის არაფერი მისწავლებია, უბრალოდ საერთო ენა გამოვნახე და ძველებურად ავათამაშე. ასეთი დონის ფეხბურთელები წლევანდელ ჩემპიონ "იუვენტუსში" არ თამაშობენ და მათამდე საკუთარ სათქმელს თუ მიიტან, ყველაფერი იოლად გამოგივა.
- პაცინისთან როგორი ურთიერთობა გაქვს?
- ამ ფეხბურთელს არასოდეს დავუვიწყებ იმას, რომ ცოტა ხნის წინ გამართულ "მადონინაში" გადამწყვეტი პენალტი გამოიმუშავა. ტყულია პრესით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა მასთან ვილაპარაკე და აქედან აბარგება ვურჩიე. ჯერ არაფერია გარკვეული.
- მაურინიოს SMS-ზე უფრო დაწვრილებით მოგვიყევით...
- როცა მობილურს დავხედე, მერე მესიჯი წავიკითხე და ბოლოში მაურინიოს გვარი ამოვიკითხე, თავიდან ხუმრობა მეგონა. შემდეგ გუნდის მენეჯერმა ანდრეა ბუტიმ მითხრა, რომ პორტუგალიელს ჩემი ნომერი მან მისცა.
- რა სჭირდება "ინტერს" სკუდეტოს მოსაგებად?
- ბევრი არაფერი. მართალია, მიმდინარე სეზონში სატურნირო ცხრილში "იუვენტუსმა" 20 წულით გაგვისწრო, მაგრამ ამის გამო განგაშის ზარების შემოკვრა არ ღირს. ზაფხულში მთელი გუნდი თავაუღებლივ ვივარჯიშებთ იმისთვის, რათა არსებული ლაფსუსები აღმოვფხრათ და აგერ ნახავთ, გაისად როგორ "ინტერი" იქნება.
- სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას გეგმავთ?
- ამის შესახებ საქმის კურსში უფრო უკეთ მასიმო მორატი ჩაგაყენებთ. ესეკიელ ლავესისთან და ლუკასთან მოლაპარაკებებს მართლა ვაწარმოებთ და თუ მათი ტრანსფერების გაჩარხვა მართლა მოვახერხეთ, მართლაც სუპერ გუნდი გვეყოლება.
- სარატესთან შეთანხმებას რატომ ვერ მიაღწიეთ?
- მაუროს ძალიან ვაფასებ, მაგრამ "ლაციომ" იგი ისე ძვირად დააფასა, რომ არგენტინლის გამოსყიდვა გადავიფიქრეთ.
- მარიო ბალოტელის გაწვრთნის სურვილი არ გაქვთ?
- მას პირადად არ ვიცნობ, თუმცა გადმოცემით ვიცი, რომ ძალიან კარგი ადამიანია. იტალიურ ფეხბურთში ცუდი ბიჭის სახელი კი აქვს დაგდებული, მაგრამ მის განსჯას წარსულში დაშვებული შეცდომების გამო არ ვაპირებ.
- ფრედი გუარინზე რა ხდება?
- ძალიან მაგარი და რაც ყველაზე მთავარია, დაუღლელი ფეხბურთელი ყოფილა. "ინტერს" იგი მომავალშიც უდიდეს სამსახურს გაუწევს.
|