მილანურ გრანდზე საუბარს იმ თემით დავიწყებთ,რომელთან დაგავშირებითაც ბოლო პერიოდში იტალიელი ჟურნალისტები ყველაზე ხშირად წერდნენ. დიეგო ფორლანმა "გაძეტა დელო სპორტთან" ლაპარაკისას, ამ ზაფხულს ნერიაძურის დატოვების ყოველგვარი შესაძლებლობა გამორიცხა და მიუხედავად იმისა, რომ მის "ატლეტიკო მინეიროში" გადასვლაზე მამამისი და მარკო ბრანკაც დაბეჯითებით საუბრობდნენ. ფორლანმა მის გარშემო აგორებული ჭორები შემდეგნაირად გააქარწყლა: "ჟურნალისტების ფანტაზიის უნარს საზღვარი არააქვს. არც მამაჩემს და არც ბრანკას მათთვის ის არ უთქვამთ, რაც გაზეთებში დაიწერა. ვიცი, საშინელი სეზონი გამომივიდა და ეს მიყოლებით ორი სერიოზული ტრავმის მიღებამ განაპირობა, მაგრამ დანებებას არ ვგეგმავ და "ინტერთან" კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ბოლომდე ვაპირებ". ფორლანი კი დარჩენას გეგმავს, მაგრამ თუ ლომბარდიელებმა "სიენადან" მატია დესტრო გადაიყვანეს, ურუგვაელის შანსები კიდევ უფრო შემცირდება. მატეა დესტროს მართლაც იღბლიანი პერიოდი უდგას, ჯერ იყო და ჩეზარე პრანდელიმ იტალიის ნაკრების გაფართოებულ სიაში შეიყვანა, ახლა კიდევ მისი "გაინტერელების" შესახებ გავრცელდა ინფორმაციები. "ინტერის" გულშემატკივრებს ემახსოვრებათ, რომ თავის დროზე ეს თავდამსხმელი "ინტერის"ღირსებას იცავდა და გუნდში შექმნილი უდიდესი კონკურენციის გამო აბარგება მოუწია. "სიენაში" კი გაატარა გასული სეზონი დესტრომ, მაგრამ მისი სატრანსფერო უფლებები "ჯენოას" ეკუთვნის და ნერიაძურის შეფებიც ლიგურიელებთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს. პრინციპში,შეთანხმებული ყოფილა, დესტრო თურმე მშობლიურ კლუბს დაუბრუნდება, იურაი კუცკა კი, რომლის სატრანსფერო უფლებების ნახევარს "ინტერი" ფლობს, სრულფასოვანი "ჯენოელი" გახდება.
დესტრო მოახლოებული სატრანსფერო ფანჯრის დროს "ინტერის" N1 სამიზნე იქნება ,მაგრამ მასიმო მორატი არც ესეკილ ლავესის ივიწყებს და "ნაპოლის" ნაირ-ნაირ წინადადებებს სთავაზობს. სხვათა შორის არგენტინელის ტრანსფერზე მოლაპარაკების დაწყება არც ნეაპოლელთა სპორტულმა დირექტორმა რიკარდო ბიგონიმ უარყო, თუმცა იქვე იმედი გამოთქვა , რომ ლავესი და მორატი მის ზურგს უკან ერთმანეთს არ შეხვედრიან . ბოლო ინფორმაციით, მილანელებმა "ნაპოლის" ლავესში გორან პანდევის გარდა, პრიმავერას კიდევ სამი ფეხბურთელი, სიმონე პეკორინი, ლორენცო კრიზეტიკი და ლუკა კალდიროლი შესთავაზეს, თუმცა სამხრეთელმა პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ეს წინადადება შორს დაიჭირა და მორატისგან ნაღდი ფულის გადახდა მოითხოვა.
"ინტერი" მოლოდ თავდასხმის გაძლიერებით არ შემოიფარგლება და თვალი საფრამგეთის ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერ "მონპელიეს" ახალგაზრდა ნახევარმცველ იუნეს ბელჰანდაზე უჭირავს. ჯერჯერობით სატრანსფერო თანხის შეასახებ არაფერი თქმულა, თუმცა მილანელები მაროკოული ფესვების მქონე ფრანგ მოთამაშეს სერიოზულად რომ აკვირდებიან, ეს უტყუარი ფაქტია. ნერიაძურის ბელჰანდას დათრევაში " არსენალი" და პსჟ-ს სახით სერიოზული კონკურენტები. ბელჰანდას გარდა, ნახევარდაცვის გაძლიერება მილანურ გრანდს "კატანიელი" ალეხანდრო გომესითაც უნდა, რომელსაც ანდრეა სტრამაჩიონის წასასვლელად გამზადებული მაურო სარატეს ღირსეულ შემცვლელად განიხილავს. თუმცა, ჯერჯერობით გუნდები სატრანსფერი თანხაზე ვერ რიგდებიან, "ინტერი" 6 მილიონ ევროს ჩამოდის, სიცილიელები კი ათს ფეხს არ უცვლიან. მართალია, გასულ სეზონში გომესმა 36 შეხვედრაში მხოლოდ 4 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი, მაგრამ უდავოდ კარგი ფეხბურთელია და ტრანსფერის გაჩარხვის შემთხვევაში, "ინტერს" ერთიორად გააძლიერებს.
|