"ინტერი" - "მილანი" დასრულება და ჟურნალისტების დაფაცურება ერთი იყო. მედიელთა უპირველესი სამიზნეები გამარჯვებული ნერიაძურის წარმომადგენლები იყვნენ,რომლებიც იმდენად კარგ ხასიათზე გახლდნენ, რომ პრესის ცნობისმოყვარე წარმომადგენლების თითქმის ყველა შეკითხვას გულმოდგინედ პასუხობდნენ. თავდაპირველად მიკროფონთან "ინტერის" ახალგაზრდა დამრიგებელი ანდრეა სტრამაჩიონი მივიდა: "ვარ თუ არა ამ "მადონინას" მთავარი გმირი? ახლა მხოლოდ ის ვიცი, რომ უმნიშვნელოვანესი თამაში მოვიგეთ, რისი წყალობითაც ჩემპიონთა ლიგის მესამე საგზურისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ. არ მინდა ნეგატივების გახსენება, მაგრამ ახლა ვფიქრობ, "პარმასთსან" დაცვაში სულელური შეცდომები რომ არ დაგვეშვა და გვემარჯვა, ახლა მესამე პოზიციაზე ჩვენ ვიქნებოდით და ბოლო ტურში სხვებზე დამოკიდებული აღარ ვიქნებოდით. პირველი 35 წუთი უბრალოდ ფანტასტიკურად ვითამაშეთ, "მილანს" ბურთი მოედნის ცენტრში საერთოდ არ უჩერდებოდა და ალბათ მოგება საბრძოლველი არ გაგვიხდებოდა, ნიკოლა რიცოლის პირველი ტაიმის მიწურულს ჩვენ კარში სრულიად გაუმართლებელი პენალტი რომ არ დაენიშნა. განსაკუთრებულ მადლობას მაინც მაიკონს ვუხდი,რომლის ფენომენალური დარტმის მერე ყველაფერი თავის ადგილზე დადგა და როსონერის თამაშის სურვილი წაერთვა. ერთი კვირის შემდეგ კიდევ ერთი ურთულესი გამოცდის ჩაბარება მოგვიწევს, თუმცა ჩემი შეგირდები იმდენად კარგ ფორმაში არიან, რომ დარწმუნებული ვარ, არც "ლაციოსთან" "სტადიო ოლიმპიკოზე" შეგვექმნება არანაირი პრობლემები. სხვა საქმეა შეძლენს თუ არა "კატანია" "უდინეზეს" დამარცხება. მონტელას გუნდმა გასულ ტურში "რომას" აართვა გასვლაზე ქულები და იმედია, ამჯერადაც არ დაზოგავენ ძალებს". სტრამაჩიონის შემდეგ ჟურნალისტებს ორიოდე სიტყვა უკვე "ინტერის" ლეგენდარულმა კაპიტანმა ხავიერ ძანეტიმაც უთხრა,რომელმაც მატჩის შეფასების ნაცვლად, ივან კორდობაზე ილაპარაკა" "ივანი უკეთეს საჩუქარს ალბათ ვერც ინატრებდა. მისი უკანასკნელ "ინტერული" მატჩში ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონზე "მოსისხლე" "მილანი" დავამარცხეთ. ქებათა ქება ანდრეა სტრამაჩიონის, რომელმაც მატჩის ბოლოს ვეტერან კოლუმბიელს მინდორზე შესვლის და ტიფოზებთან გამომშვიდობების საშვალება მისცა. დიეგო მილიტო? იგი ნამდვილი ბომბარდირია და პირადად ჩემთვის ძლიერ საამაყოა ის ფაქტი, რომ "პრინცი" "ინტერის" ღირსებას იცავს. დიდხანს ეხვეწნენ ჟულიო სეზარს ჟურნალისტები გაემხილა მათთვის თუ რა უთხრა პენალტის დარტყმის წინ მან ზლატან იბრაჰიმოვიჩს, მაგრამ ბრაზილიელმა მეკარემ ამაზე საუბარი არ ისურვა. სამაგიეროდ ნიკოლა რიცოლის გაკრიტიკება არ დავიწყნია: " ამ მსაჯმა სისხლი გამიშრო. ჯერ შარშან მომიშალა ნერვები და "ნაპოლისთან" მატჩში ჩვენ კარში პენალტი დანიშნა. არადა, როგორც ისევე როგორც ახლა ბოატენგის წინააღმდეგ, მაშინაც სუფთად ვითამაშე. იმის გამო, რომ "მილანს" მოგონილი თერთმეტმეტრიანი დაუდო და მე კი უსაფუძვლოდ გამაფრთხილა, ახლა "ლაციოსთან" ბოლო ტურის გამოტოვება მომიწევს, რადგან ეს ყვითელი ბარათი ავტომატურად დისკვალიფიკაციის მომტანი იყო. ძალიან მიხარია ჩემი მე-300 "ინტერული" შეხვედრა ბიჭებმა ასეთი ბრწყინვალე გამარჯვებით რომ გამილამაზეს და იმედია ამის შემდეგ მაინც დარწმუნდებიან ტიფოზები იმაში, რომ ნერიაძურის ძველებური მებრძოლი სული არ დაუკარგავს". 13 წლის განმავლობაში "ინტერში" 454 მატჩის ჩამტარებელ და 18 გოლის გამტან ლეგენდარულ კოლუმბიელ მცველ ივან კორდობას ნამატჩევს თანაგუნდელებისთვის, მწვრთნელისთვის და პრეზიდენტ მასიმო მორატისთვის მადლობების გადახდა არ დავიწყნია. მისმა თანამემამულემ ფრედი გუარინიმ კი გულშემატკივრები დაამშვიდა, სერიოზული ტრავმა არ მიმიღია, უბრალოდ კუნთების ტკივილმა შემაწუხა,რაც ფიზიკური გადატვირთვის შედეგია და საგანგაშო არაფერიაო. "ინტერის" ყოფილმა მცველმა ლეგენდარულმა მარკო მატერაციმ "მადონინას" დასრულებისთანავე საკუთარ "ტვიტერზე" დაწერა, ამ მატჩით მორიგი უდიდესი "ინტერის" მშენებლობა დაიწყოო. მწვრთნელისგან და ფეხბურთელებისგან განსხვავებით , გაძეტა დელო სპორტის" ჟურნალისტს "ინტერის" პრეზიდენტი მასიმო მორატი ინტერვიუს მიცემაზე დასთანხმდა. - დაიმსახურა სტრამაჩიონიმ მომავალ სეზონშიც "ინტერში" დარჩენა? - საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, მაგრამ ვფიქრობ რომ, იგი კონტრაქტის გახანგძლივებას იმსახურებს. მისი დროებით მწვრთნელად დანიშვნა თავის დროზე ბევრმა ჩემი მხრიდან უჭკუო საქციელად მიაჩნდა მაგრამ დროთა განმავლობაში გამოჩნდა, რომ არჩევანი ჭკვიან სპეციალსტზე გაგვიკეთებია, რომელიც ეტაპობრივად პროგრესირებს და ძალიან მალე მისგან მსოფლიო დონის მწვრთნელი დადგება. - ნიკოლა რიცოლის მსაჯობით თქვენც უკმაყოფილო ხართ? - მან რამდენიმე ეპიზოდში მართლაც დაუშვა უხეში შეცდომები, თუმცა საბედნიეროდ ამ ყველაფერს ჩემი გუნდის ფეხბურთელები ფსიქოლოგიურად არ გაუტეხავს და მათ როგორც კი დასჭირდათ, მაშინვე შეძლეს მატჩის ბედის სათავისოდ შემოტრიალება. - ეს დერბი ყველას ალბათ იმ ფაქტით დაამახსოვრდება, რომ ივან კორდობას გამოსათხოვარი მატჩი იყო... - შესანიშნავ ფეხბურთელთან ერთად, ივანი ასეთივე ადამიანია და ასე რომ არ იყოს, მას კლუბის ადმინისტრაციაში არ დავასაქმებდი. - "იუვენტუსის" საჩემპიონო ზეიმს მიადევნეთ თვალყური? - ბიანკონერის გაჩემპიონებას ვულოცავ, რადგან ამ გუნდმა სკუდეტო მართლაც დაიმსახურა. იმედია, ტურინელები ახლა მაინც არ დაიწყებენ იმ ვითომდა წართმეული ოქროს მედლების გამო სპეკულირებას და მიღწეული წარმატებით დატკბებიან. - დღეს "აპიანო ჯენტილეზე" "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტესი შევნიშნეთ და თქვენ ხომ არ გეძებდათ? - წარმოდგენა არ მაქვს.
|