იტალიური "ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი აცხადებს, რომ თუ ეზეკიელ ლავესის ნეაპოლური გუნდის დატოვება სურს და ფეხბურთელში რომელიმე კლუბი ოცდაათ მილიონს გადაიხდის, არგენტინელ შემტევს კამპანიელთა დატოვებაში პრობლემა არ შეექმნება. "ლავესის არჩევანის გაკეთების საშუალება ექნება. კლუბსა და ფეხბურთელს შორის არსებულ კონტრაქტში დევს პუნქტი, რომლის თანახმადაც, თუ ვინმე ლავესიში ოცდაათ მილიონს გადაიხდის, მას წასვლის უფლება ექნება” – აცხადებს დე ლაურენტისი, რომელიც ლავესის შეცვლას "ნაპოლის” საკუთრებაში მყოფი და ამჟამად "პესკარაში” მოთამაშე ლორენცო ინსინიეთი აპირებს – "ინსინიე ძალიან მომწონს. თავისი თამაშით, მან საკუთარ თავს კარგი რეკომენდაცია გაუწია. რატომ არ დავიბრუნეთ იგი აქამდე? ასე რომ მომხდარიყო, მას სათადარიგოთა სკამზე ჯდომა მოუწევდა, რადგან ძირითადში ლავესი იქნებოდა. ახალგაზრდა ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკა სჭირდება” – ციტირებს დე ლაურენტისის სიტყვებს Sportmediaset-ი. ლორენცო ინსინიეს კარგი თამაში ერთ-ერთ მთავარი მიზეზია იმისა, რომ "პესკარამ” სერია A-ს საგზური მოიპოვა. 20 წლის შემტევმა, 35 თამაშში 18 გოლი გაიტანა.
|