სანამ სეზონი დასრულდებოდა, მანამდე გააკეთა "ინტერის" გენერალურმა დირექტორმა ერნესტო პაოლილომ საჯაროდ განცხადება იმის თაობაზე, რომ ზაფხულში თანამდებობას დატოვებდა. მასიმო მორატიმ ამის შესახებ როგორც კი გაიგო, მაშინვე შეეცადა პაოლილოს დარჩენაზე დაყოლიებას, რადგან ეს ადამიანი 2005 წლიდან ნერიაძურის სტრუქტურაში მუშაობდა და კლუბში ავან-ჩავანი საკუთარი ხუთი თითივით იცოდა. მორატის უდიდესი მცდელობის მიუხედავად პაოლილოს გადარწმუნება ვერ მოხერხდა და გუშინ, საგანგებოდ გამართულ პრეს-სკონფერენციაზე, მან წასვლის შესახებ ოფიციალური განცხადება გაააკეთა. დონ ერნესტომ მორატების ოჯახსა და გულშემატკივრებს მის მიმართ გამოჩენილი თანადგომისთვის უდიდესი მადლობა გადაუხადა და წასვლის უმთავრეს მიზეზად გადაღლილობა დაასახელა. ბოლოსკენ მედიელებმა ჰკითხეს, თქვენს მაგივრად მარკო ფასონე ინიშნებაო, რაზეც პაოლილიმ მხრები აიჩეჩა და ამ საკითხთან დაკავშირებით სიმართლის დასადგენად, ისინი მასიმო მორატისკენ გადაამისამართა. მედიელებს დიდხანს ცდა არ დასჭირვებიათ, მორატიმ აღმასრულებელ დირექტორად გუშინვე ახლო წარსულში "ნაპოლის" გენდირექტორად ნამუშევარი მარკო ფასონე (ფოტოზე) წარადგინა და იმედი გამოთქვა, რომ იგი პაოლილოს მსგავსად, "ინტერს" უდიდეს სარგებელს მოუტანს. თავად ფასონეს თავპატიჟი არ დაუდვია და ჟურნალისტებს ორიოდე სიტყვაც არ დაამადლა: "ნაპოლიში" მოღვაწეობით ამ საქმეში კოლოსალური გამოცდილება დავაგროვე და არა მგონია, "ინტერისნაირ" საათივით აწყობილ კლუბში რაიმე გამიჭირდეს. თანაც, მორატიმ და მარკო ბრანკამ მითხრეს, რომ თავიდან ყველაფერში დამეხმარებიან და თავს უცხოდ არ მაგძნობინებენ, რამაც კიდევ უფრო გამათამამა . არ ვიცი, რა როგორ იქნება და რამდენად მძიმე სამუშაო მელის, მაგრამ გადატვირთული გრაფიკითვის ფეხის ასაწყობად მზად რომ არ ვიყო,ასეთ წინადადებაზე არაფრის დიდებით არ დავთანხმდებოდი".
|