"ინტერში" მოსალოდნელ ცვლილებებზე დიდი ხანია საუბრობენ, მაგრამ ჯერჯერობით განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. მხოლოდ ის ვიცით, რომ ანდრეა სტრამაჩონის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, ყველაფრის გასაანალიზებლად დრო მიეცა და ეს დრო მოთამაშეებისთვის ნამდვილ კოშმარად იქცა.
ეს ბუნებრივიცაა, რადგან გაურკვევლობაში ყოფნა არავის სიამოვნებს. ამად არის, რომ ფეხბურთელები განცხადებებს განცხადებებზე აკეთებენ და ცდილობენ, მათ მომავალს ამ გზით მაინც მოჰფინონ ნათელი.
სწორედ ასეთ სიტუაციაშია დიეგო ფორლანი, რაც მისი სიტყვებიდან კარგად ჩანს:
"მილანური კლუბის მესვეურებთან დაახლოებით ერთი თვის წინ მქონდა საუბარი და მაშინ მკაფიოდ მითხრეს, რომ ჩემთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას აპირებდნენ. შესაბამისად, ახალი კლუბის ძიებაზე არ გვიფიქრია და ბევრ საინტერესო წინადადებაზე განვაცხადე უარი.
დასამალი არაა, რომ მილანში თავს შესანიშნავად ვგრძნობ და დიდი სურვილი მაქვს, რომ კარიერა "ნერაძურიში” გავაგრძელო. მე და ჩემს აგენტს გვეგონა, რომ რამდენიმე დღეში ახალ ხელშეკრულებას წარმოგვიდგენდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა.
დღემდე გაურკვევლობაში ვართ და არ ვიცით, სად ვითამაშებ მომდევნო სეზონში. ბოლო ინფორმაციით, სტრამაჩონის გეგმებში არ ვჯდები და თუ ეს მართლაც ასეა, კარგი იქნება თუ ამას დროულად მეტყვიან. იმედია, უახლოეს დღეებში შეგვხვდებიან და ყველაფერს კარგად აგვიხსნიან".