შაბათი, 21.09.2024, 02:01
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2012 » მაისი » 12 » სერია A. ბოლო ტურის წინ: ვის დარჩება ლიგის საგზური?
12:02
სერია A. ბოლო ტურის წინ: ვის დარჩება ლიგის საგზური?


ერთი ტურიც და იტალიის სერია A-ს 2011/2012 წლების გათამაშება ისტორიის საკუთრება გახდება. გასულ უქმეებზე, სკუდეტოს პატრონი გამოუჩნდა და მთავარი ინტრიგაც გაქრა, მაგრამ გასარკვევი ჯერ კიდევ ბევრი რამეა და შესაბამისად, უკანასკნელ ტურს დიდი ინტრერესით ველოდებით. 

ჩემპიონი "იუვენტუსია" და ბუნებრივია, რომ ტურინული გრანდი ჩემპიონთა ლიგაში იასპარეზებს; ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე ქვეყნის ღირსებას "მილანიც" დაიცავს, რომელსაც მეორე ადგილში ნამდვილად ვერავინ შეეცილება; სამაგიეროდ, გასარკვევია ჩემპიონთა ლიგის მესამე საგზურის მფლობელი და გასარკვევია ისიც, თუ რომელი გუნდები იასპარეზებენ ევროპის ლიგის გათამაშებაში.

ეს ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და ევროპის ლიგაც იმას შერჩება, ვინც სამეულს ვერ შეწვდება. არადა, ამ ერთი, მესამე ადგილისთვის ერთბაშად ოთხი გუნდი იბრძვის: "უდინეზე", "ლაციო", "ნაპოლი", "ინტერი". უმჯობესია, ამ ოთხივე გუნდზე სათითაოდ შევჩერდეთ...

უდინეზე
უდინური გუნდი მესამე ადგილზეა და შესაბამისად, ყველაფერი მის ხელშია. თუ ფრიულელები გასვლაზე "კატანიას" დაამარცხებენ, ჩემპიონთა ლიგის საგზურს სწორედ "უდინეზე" მოიპოვებს.

ეს მატჩი იმითაც გახლავთ მნიშვნელოვანი, რომ ანტონიო დი ნატალე უკანასკნელ მატჩს გამართავს "ბიანკონერის" შემადგენლობაში და საერთოდაც, სწორედ ამ თამაშით ეთხოვება საკლუბო ფეხბურთს... თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ტოტო ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს და შემდეგ, დაასრულებს კიდეც კარიერას.

"კატანიას" მისსავე მოედანზე დამარცხება იოლი საქმე არაა, მაგრამ ამ შემთხვევაში, აშკარად ფავორიტი მაინც "უდინეზეა". ფრიულელებს ჩემპიონთა ლიგის საგზური აქვთ მოსაპოვებელი, სიცილიეელები კი აბსოლუტურად უმოტივაციოდ არიან დარჩენილნი. თანაც, დიდი ალბათობით, ვინჩენცო მონტელა "კატანიას" სამწვრთნელო სკამს დატოვებს და მოთამაშეებს არც მასთან აქვთ რაიმე დასამტკიცებელი.

მოკლედ, "უდინეზე" ფავორიტია, მაგრამ ფავორიტები ყოველთვის ვერ იგებენ და ფრიულელებს ეს კარგად უნდა ახსოვდეთ.

ლაციო/ინტერი
რომში ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართება, სადაც "ლაციო" "ინტერს" უმასპინძლებს. ორივე გუნდი ჩემპიონთა ლიგის მესამე საგზურისთვის ბრძოლაშია ჩაბმული და ადვილი წარმოსადგენია, თუ რა მხურვალე და ემოციური იქნება დედაქალაქური პაექრობა.

ედუარდო რეიას ტრავმების და დისკვალიფიკაციის გამო პრაქტიკულად ნახევარი შემადგენლობა აკლია, მაგრამ რომაელთა დამრიგებელი ამას უკვე მიჩვეულია. თანაც, თვით მიროსლავ კლოზეა მწყობრშია და თუ "გაძეტა დელო სპორტს" ვენდობით, ძირითად შემადგენლობაში იქნება. გერმანელ ფორვარდს უკნიდან ლულიჩი, მაური და კანდრევა დაეხმარებიან, საყრდენ ზონას კი გონსალესი და ლედესმა გაამაგრებენ.

ერთი გამოკვეთილი ფორვარდით ითამაშებს "ინტერიც" და ეს ერთადერთი თავდამსხმელი დიეგო მილიტო იქნება. არგენტინელს უკნიდან რიკი ალვარესი და ვესლი სნეიდერი დაეხმარებიან, კიდევ უფრო უკან კი ძანეტი, კამბიასო და გუარინი გაირჯებიან. მოკლედ, "ნერაძური" ძირითადად არგენტინელებით შეუტევს და ვნახოთ, რა გამოვა ამ საქმისგან. ქვემოთ, ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელის კომენტარს გავეცნოთ...

ედუარდო რეია (ლაციო): "დიდი იმედი მაქვს, რომ სეზონს გამარჯვებით დავასრულებთ, დანარჩენს კი სატურნირო ცხრილიდან შევიტყობთ. მართალია, მხოლოდ საკუთარ თავზე არ ვართ დამოკიდებულნი, მაგრამ მგონია, რომ მესამე ადგილზე გასვლის საკმაოდ კარგი შანსი გვაქვს. "კატანია" იოლად არაფერს დათმობს და შესაბამისად, "უდინეზეს" სულაც არ აქვს გარანტირებული სამი ქულა. "ინტერი" შესანიშნავ ფორმაშია, რაც მილანურ დერბიში დამტკიცდა, მაგრამ ჩვენ ტრიბუნების უპირატესობა გვექნება - მჯერა, გულშემატკივარი მეთორმეტე ფეხბურთელის როლს შეასრულებს".

ანდრეა სტრამაჩონი (ინტერი): "სიმართლე გითხრათ, სატურნირო რეგლამენტში დიდად არ ვიქექები და არ ვარკვევ, რა შემთხვევაში გავდივართ ჩემპიონთა ლიგაზე. უბვრალოდ, მსურს რომში სამი ქულა ავიღოთ და დანარჩენი ისედაც გამოჩნდება. დერბიში გამარჯვებამ ხასიათი ერთი-ორად გამოგვიკეთა და მოახლოებულ პაექრობას დიდი ენთუზიაზმით ველოდებით. აქვე, მინდა მასიმო მორატის გადავუხადო მადლობა, რომელმაც ნდობა გამომიცხადა და ხელშეკრულება გამიხანგრძლივა. არ აქვს მნიშვნელობა, გავალთ თუ არა ჩემპიონთა ლიგაზე - მომდევნო სეზონში, გაათმაგებული მოტივაციით და ენერგიით შევუდგებით საქმეს".

ნაპოლი
რა შემთხვევაში გადის "ნაპოლი" მესამე ადგილზე? - ამისთვის საჭიროა, რომ თვითონ ნეაპოლელებმა საკუთარ კედლებში "სიენა" დაამარცხონ; ამასთან, "უდინეზემ" სიცილიაზე წააგოს, რომში კი "ლაციოსა" და "ინტერის" პაექრობა ფრედ დასრულდეს.

თუმცა, ნეაპოლელებს მილანელთა მოგებაც აწყობთ, რადგან "ნაპოლის" "ინტერთან" ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა აქვს.

თუ არ გახსოვთ, შეგახსენებთ, რომ ამ გუნდებს შორის ორივე თამაში სამხრეთელთა გამარჯვებით დასრულდა - "ჯუზეპე მეაცაზე" 3:0, "სან პაოლოზე" 1:0.

მოკლედ, "ნაპოლის" აქვს შანსი და უფრო პრაქტიკული, ვიდრე თეორიული, მაგრამ მათი სამეულში მოხვედრა მაინც ნაკლებად სავარაუდოა.

სამხრეთელთა მთავარი მწვრთნელი, ვალტერ მაცარი სავარაუდოდ 3-5-2 ტაქტიკას აირჩევს და შეტევის წინა ხაზზე ესეკილ ლავეცისა და გორან პანდევის ტანდემს გაამწესებს. მარეკ ჰამშიკი ნახევარდაცვაში გაირჯება, ედინსონ კავანის კი დისკვალიფიკაცია აქვს და "სიენას" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. ვნახოთ, დანარჩენი უშუალოდ მოედანზე გამოჩნდება.
ნანახია: 652 | დაამატა: interista | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 6
1 interista  
1
bichebo memgoni urtiert shexvedrebit msjeloben da inters udinezestan 3-1 aq mogebuli, da iqneb gavidet

2 Giuseppe-Meaca  
0

3 nerazuri  
1
mashin napolim unda gatexos tamashi,saxlshi tamashobs da ravici,imedia chven rogorc gvinda ise iqneba yvelaferi flag3

4 inter  
0
aramgonia cven 3 ulshi ro movxdet

5 inter  
0

6 interelia  
0
udinezem unda waagos napolim ver unda moigos da chven unda movigot... eeee ramdeni unda dagrovda

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  მაისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter