ტურის სიმბოლური ნაკრები ზედმეტად შემტევი გამოვიდა, თუმცა სიმბოლურიც იმად ჰქვია, რომ ხანდახან ლოგიკის ფარგლებსაც გავცდეთ. ერთადერთ გამოკვეთილ ფორვარდად დიეგო მილიტოა გამწესებული, თუმცა მის უკან სამი ნომინალური თავდამსხმელი შეირჩნენ: სებასტიან ჯოვინკო, ფრანჩესკო ტოტი და ფაბრიციო მიკოლი.
მილიტომ მილანურ დერბიში ჰეთთრიკი შეასრულა და ბუნებრივია, რომ რჩეულ ფეხბურთელთა შორის მოხვდა; სამი გოლი შეაგდო მიკოლიმაც, აი ტოტიმ კი დუბლი მიითვალა აქტივში და კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ "რომას" სული და გულია. ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა სებასტიან ჯოვინკომაც, გოლს საგოლე პასი დაუმატა და სრულიად დამსახურებულად მოხვდა საუკეთესო თერთმეთ ფეხბურთელში.
დაცვაში "ინტერის" ორი მოთამაშეა და ეს მიუხედავად იმისა, რომ მილანურ დერბიში ზლატან იბრაჰიმოვიჩის შეჩერება აშკარად გაუჭირდათ; როგორც ჩანს, ამაში ვალტერ სამუელის და ხავიერ ძანეტის ბრალეულობა ყველაზე ნაკლებად იყო. კარში ფედერიკო ალიარდი დგას "ბოლონიადან", სწორედ მისი ბრალია, რომ "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის საგზურს ასე ძალიან დაშორდა.