ვესლი სნეიდერი "ინტერიდან" აბარგებაზე რომ ფიქრობდა, ძველი ამბავია. ახალი ის არის, რომ იტალიური მედიის ინფორმაციით, ჰოლანდიელმა გამთამაშებელმა "ნერაძურის" დატოვება საბოლოოდ გადაწყვიტა და "მილანში" გადასვლა უნდა! როგორც ირკვევა, "როსონერისთან" პირველი მოლაპარაკება უკვე შედგა.
"კორიერე დელო სპორტის" ინფორმაციით, სნეიდერის მრჩეველი სიორენ ლერბი "მილანის" ბოს ადრიანო გალიანის დაუკავშირდა და სნეიდერის სურვილის შესახებ უთხრა. სნეიდერს "ინტერთან" კონტრაქტი 2015 წლამდე აქვს გაფორმებული და ჩვენი იტალიელი კოლეგების ცნობით, "ინტერი" მის სანაცვლოდ მინიმუმ 25 მილიონ ევროს მოითხოვს.
შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელი შარშან ძალიან ახლოს იყო "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლასთან, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა, რადგან კლუბები თანხაზე ვერ შეთანხმდნენ.
"ინტერის" ხელმძღვანელებს არ მოეწონებათ ის, რომ სნეიდერს "მილანში" გადასვლა უნდა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სურვილის ოფიციალურად დადასტურების შემთხვევაში სერიოზულ წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ.
27 წლის სნეიდერს ჰოლანდიის ნაკრებში 81 მატჩი აქვს ჩატარებული (23 გოლი). ვესლი ამსტერდამის "აიაქსის" აღზრდილია, საიდანაც მადრიდის "რეალში" გადაბარგდა.
"ინტერმა" ჰოლანდიის ნაკრების ლიდერი 2009 წელს 15 მილიონ ევროდ შეიძინა და სნეიდერმა "ნერაძურიში" იმედები ასი პროცენტით გაამართლა: "ინტერმა" 2010 წელს ჰეთ-თრიკი რომ შეასრულა, ეს წარმატება ფეხბურთელთაგან, პირველ რიგში, სწორედ სნეიდერის დამსახურება გახლდათ.