გამოცემა "პაპარაციმ" სენსაციური ამბავი ამცნო მკითხველებს, თან ჟურნალის გარეკანზე "ინტერის" ურაგვაელი თავდამსხმელის დიეგო ფორლანისა და მისი ყოფილი საცოლის, სახელგანთქმული არგენტინელი მოდელის ზაირა ნარას ფოტო დაბეჭდა, რომელზეც ყოფილები ხელი ხელგადახვეულნი და მხიარულად მოსაუბრენი მილანის ერთ ქუჩაზე მისეირნობენ. აქედან გამომდინარე, გამოითქვა ვარაუდი, რომ ვარსკვლავური წყვილი კვლავ ერთადაა, მაგრამ საზოგადოებას ყველაფერში ზაირას დამ, ასევე მოდელმა, "მილანში" არენდით მოთამაშე არგენტინელი თავდამსხმელის მაქსი ლოპესის მეუღლემ ვანდამ გაარკვია. თურმე ნუ იტყვით, მილანში დისშვილების მოსანახულებლად ჩასულ ზაირასთან შესარიგებლად დიეგო თავად მაქსის დაუპატიჟებია საკუთარ სახლში. თავპატიჟი არც დიეგოს დაუდვია და როგორც ვანდა ამბობს, მათი შეხვედრა საკმაოდ ნერვიული, მაგრამ ამაღელვებელი გამოდგა. შეყრას შერიგებაც მოჰყოლია, შემდეგ ყველას ერთად უსადილია და ასე მშვიდობიანად დასრულებულა ეს ამბავი. რაც შეეხება ფოტოს, ის "პაპარაცის" პაპარაცის მაშინ გადაუღია, როცა ლოპესებიდან გამოსული დიეგო და ზაირა იმ ავტოსადგომისკენ ერთად მიდიოდნენ, სადაც მანქანები ეყენათ. მოგვიანებით ზაირა "პაპარაცის" სურათის "გაყალბებისთვის" ჩივილით დაემუქრა, მაგრამ გამოცემამ აღიარა, რომ ფოტო მართლაც ორი წლის წინანდელია, თუმცა დიეგოსა და ზაირას შეხვედრის ამბავი წმინდა წყლის სიმართლეა.
|